შეზღუდვების შემსუბუქებას გონივრულად თუ არ მივუდექით, კოლაფსი ნამდვილად დადგება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას გონივრულად თუ არ მივუდექით, კოლაფსი ნამდვილად დადგება:

„დღესდღეობით გვაქვს 3-4 ათასი ახალი შემთხვევა, მაგრამ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთ კვირაში 2000-2500 შემთხვევა გვექნება, ვინაიდან ქალაქში ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და შეზღუდვები არ არის მკაცრი ან უმკაცრესი. ევროპაში გადადიან ძალიან მკაცრ შეზღუდვებზე და თუ ჩვენ გონივრულად არ მივუდექით შეზღუდვების შემსუბუქებას, 3-4 ათასი შემთხვევა გეომეტრიული ზრდის შედეგად რამდენიმე კვირაში 15-20 ათას ინფიცირებულს მიაღწევს, რასაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

შესაძლო კოლაფსი, რომელზეც ასე ხშირად მიდის საუბარი, ნამდვილად დადგება. დღეს სისტემა თავისუფლად ატარებს ჯამურად 30 ათასამდე ინფიცირებულს, მაგრამ თუ ყოველდღიურად 15-20 ათასი ადამიანი დაინფიცირდება, ამას არა მხოლოდ საქართველო, არამედ ძალიან ბევრი უფრო განვითარებული ქვეყანაც ვერ გაუძლებს”, – ამბობს ტიკარაძე.

 

“რეზონანსი”