რამდენი დეპუტატის “გადაბირება” სჭირდება ივანიშვილს და რატომ შევიდა “ოცნება” კონსტიტუციურ ჩიხში?

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, პარტია  „გირჩი“ დაიშალა.  ძალიან არეული სიტუაციაა ამ პარტიაში. რაც „გირჩში“ ხდება, ეს იმის მიმანიშნებელი ხომ არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა აამუშავა თავისი ფინანსური, სხვა რესურსები და ამ ეტაპზე, „გირჩის“ წევრები დააუპირისპირა ზურაბ ჯაფარიძეს და „გირჩელები“  პარლამენტში აღმოჩნდებიან?

– მე ვისურვებდი, რომ „გირჩი“ ყოფილიყო მონოლითური და შეკრეული  პარტია. ნამდვილად არ მაქვს არანაირი ინტერესი, მაგ პარტიის დაშლის ან მასში განხეთქილების შეტანისა. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძემაც და სხვებმაც გააკეთეს  ისეთი კატეგორიული განცხადებები, რომ არანაირი თანამშრომლობა აღარ  იქნება მათ შორის. ვფიქრობ, მოიწვევენ პარტიის  კრებას ან ყრილობას და მიიღებენ  შესაბამის გადაწყვეტილებას. როგორი იქნება ახლა ამათი სტატუსები, მერე გაირკვევა. რაც ამ პარტიაში ხდება, ეს მათი შიდა სამზარეულოა და არ ვარ დაინტერესებული, მათი დაპირისპირების შესახებ, ვრცელი კომენტარები ვაკეთო.

– მესმის, მაგრამ „გირჩის“ დაშლა, ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირშია და ამიტომ გეკითხებით. რაღა ახლა დაიშალნენ, როდესაც  4 მანდატი მოიპოვეს და პარლამენტში შესვლა–არ შესვლის საკითხი დგას?

– ახლა ისეთი მდგომარეობაა ოპოზიციაში, ნებისმიერი ასეთი განხეთქილება, ათასგვარ კითხვებს აჩენს. ზოგი საფუძვლიანია, ზოგი – არა. ეს მითქმა–მოთქმის საფუძველი თავად გააჩინეს. კი, მართალი ხართ. რაღა ამ დროს ხდება ასეთი რაღაცები? რაღა ახლა ხდება ეს ყველაფერი? ამიტომ, მე ვურჩევდი „გირჩელებს“, რომ რაც შეიძლება ხშირად აფიქსირონ საერთო პოზიცია, რომ ეს შიდა განხეთქილება არ არის დაკავშირებული პარლამენტში შესვლასთან და რიგითი კონფლიქტია, რომლის მსგავსიც არაერთ პარტიაში გვახსოვს.

– რომელიმე ოპოზიციური პარტია ან ამ პარტიების წევრები თუ შვიდნენ პარლამენტში და ოპოზიციად  დაუსხდნენ „ქართულ ოცნებას“, საზოგადოებას რა დამოკიდებულება ექნება მათ მიმართ? პოლიტიკურად, მორალურად რამდენად წამგებიანი იქნება ეს გადაწყვეტილება მათთვის?

– საზოგადოების მხარდაჭერას საერთოდ დაკარგავენ. ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა პოზიცია ცალსახააა – არც ერთი კაცი არ უნდა შევიდეს პარლამენტში და „ქართული ოცნება“ უნდა დატოვონ მარტო, ოპოზიციის გარეშე პარლამენტში. თუმცა, აქ მეორე პრობლემაა. „ქართულ ოცნებას“ მარტო რამდენიმე დეპუტატი არ სჭირდება ფასადად, რომ პარლამენტში ოპოზიცია ჰყავს. მას სჭირდება 10 დეპუტატი. 90 მანდატი აქვს და კიდევ 10 სჭირდება, რომ 100 დეპუტატი იყოს პარლამენტში, პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3. კონსტიტუციის 38–ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტში დეპუტატთა 2/3 არ არის, მაშინ პარლამენტის ლეგიტიმურობა საეჭვო ხდება. ასეთი პარლამენტი „არასრულფასოვანი იქნება“, ასე წერია კონსტიტუციაში. არასრულფასოვანი პარლამენტი კი, ვერ იქნება სრულად უფლებამოსილი. ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, ვერ მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის ქმედუნარიანობა დგება ეჭვქვეშ. ეს ძალიან დიდ ჩიხში შეიყვანს პარლამენტს და ზოგადად, ხელისუფლებას. მაგალითად, გამწვავდა სამხედრო თვალსაზრისით, რეგიონში ვითარება და საჭირო გახდა საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარების შემოყვანა, განთავსება. ამას სჭირდება პარლამენტის წევრთა 2/3–ის თანხმობა და თუ დეპუტატთა  ეს რაოდენობა არ იქნება პარლამენტში, ცხადია, ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. მრავალპარტიული იქნება თუ ერთპარტიული ეს პარლამენტი, ვიდრე კვორუმი 2/3 არ იქნება, მანამდე არასრულფასოვანი და  ქმედუუნარო იქნება.

– როგორ ფიქრობთ, შეძლებს „ქართული ოცნება“ 10 კაცის გადაბირებას და თუ ვერ მოახერხა, კიდევ რა პრობლემები დაუდგება ქვეყანას არასრულფასოვანი პარლამენტის პირობებში?

– რომელი პარტიაც არ უნდა შევიდეს ცალ–ცალკე, ვერც ერთი ვერ შეუვსებს 2/3–ს „ქართულ ოცნებას“. „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ეგენი არ შედიან, ნამდვილად ვიცით. აზრი არ აქვს, ერთი ან ორი,  3–4 მანდატიანი პარტიის შყვანას, ვერ შეავსებენ ამ კვორუმს. მაშინ, უნდა ადგეს ბიძინა ივანიშვილი და „ნაცმოძრაობის“ გარდა, ყველა პარტია უნდა შიყვანოს პარლამენტში, მაგრამ ვერც ამას ახერხებს. ჯერჯერობით, ასეა. კონსტიტუციური ჩიხია და არ ვიცი, აქედან როგორ უნდა გამოვიდეს „ქართული ოცნება“. გამოსავალი არ უჩანთ. მარტო  საპარლამენტო, პოლიტიკური კრიზისი არ უდგას ხელისუფლებას, ქვეყანას  უზარმაზარი  საგარეო ვალები აქვს და უკვე მშპ-ს 60%–ს გადასცდა საგარეო ვალები. არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, არ ერთი ქვეყანა ვალს არ მისცემს იმ ქვეყანას, რომლის პარლამენტიც ქმედითუუნაროა. ცხადია, ისინი დაუყენებენ დაკითხს, რომ დაგვიმტკიცეთ,  მოგვიტანეთ პარლამენტის გადაწყვეტილება,  რომ სახელმწიფო იღებს ამ ვალებს და არა ერთი კონკრეტული პარტია, მერე შეიძლება, მოგცეთო. მარტო ეს და მარტო პოლიტიკური და ეკონომიკური არა, სხვა პრობლემებიც დაუდგებათ  საგარეო ურთიერთობებში. ბოლოს, იძულებული გახდება „ქართული ოცნება“, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს ოპოზიციასთან და შედგეს გარკვეული მორატორიუმი.

– ასეთ დღეში რატომ ჩაიგდეს თავი? ყველა სფეროში არსებობს ე.წ. წითელი ხაზები, რომელთაც არც ერთი გონიერი ხელისუფლება არ კვეთს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მიმართულებით გადაკვეთა ეს წითელი ხაზები, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მოყვარე და გულშემატკივარი არ დაიტოვა, გარდა საკუთარო მომხრეებისა, რომელთა რაოდენობაც მუდმივად კლებულობს. 

– ცნება „წითელი ხაზები“ არ არსებობს „ქართული ოცნებისთვის“. არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს მათთვის, არანაირი ზღვარი, ცსკო–მ  არჩევნების შემაჯამებელი ოქმი რომ დაწერა, სად იყო მაშინ წითელი ხაზები? დაუწერა ოქმი ოპოზიციას და უთხრა, მე მაქვს უმრავლესობა კომისიაში და რასაც მინდა, იმას დავწერო. გავაყალბე არჩევნები? ახლა ავდგები და გაყალბებული არჩვნების შედეგებს დავწერ და გააკეთა კიდეც ეს. წადი ახლა და მიჩივლეთო, უთხრა ოპოზიციას. სად უნდა უჩივლონ? სასამართლო მაგათ ხელშია და ოპოზიციის  სარჩელები არ მიიღო სასამართლომ. მერე გამოვიდა ხალხი, ცსკო–ს შენობასთან გააპროტესტა მშვიდობიანად ცსკო–ს უკანონო გადაწყვეტილება, გაყალბებული არჩევნები. ჯერ ურტყეს ხალხს და წყალი ასხეს იმ ყინვაში, მერე კიდევ  რამდენჯერმე სცემეს და რამდენიმე აქტივისტი კიდევ  იქით  დააკავეს უნამუსოდ. ხელისუფლებამ იძალადა ხალხზე და მაინც ხალხი დასაჯეს. მეტი რაღა უნდა იძლადოს, მეტი რაღა უსამართლობა და უკანონობა  უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ? სამართლებრივად ვერაფერს არკვევ, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობს.  ყველა ინსტიტუტი პოლიტიკური დირექტივის ქვეშ არის. საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, სუს–ი… ყველა ერთი პარტიის დირექტივას ემორჩილება და იმ პარტიის თავში ერთი კაცი დგას, ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველამ იცის, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. საგარეო ურთიერთობებში ექნებათ სერიოზული პრობლემები. აუცილებლად ეტყვიან ბიძინა ივანიშვილს ულტიმატუმის სახით  დასავლეთის ქვეყნები, ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გავლენიანი წარმომადგენლები – დაალაგე ქვეყნის შიგნით ვითარება და მერე მელაპარაკე იმ საკითხებზე, რაშიც ჩვენი ფინანსური, პოლიტიკური  თუ სხვა სახის  მხარდაჭერა გჭირდება. აი, დავუშვათ, ნატო–მ განაცხადა, რომ საქართველოს ღებულობს თავის რიგებში. სჭირდება თუ არა ამას პარლამენტის 2/3–ს თანხმობა, თუ  მეტი არა?  ცხადია, სჭირდება. მოკლედ, ყველა მიმართულებით ჩიხში არიან. გარდა მაგისა, უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ბიზნესი დაკეტილია და ხალხი უმუშევარია, ასეულ ათასობით ადამიანი, ბიუჯეტში შემოსავლები არ არის. ხალხი ვირუსით იხოცება, მალე შიმშილითაც დაიხოცება. ხალხი უკვე სხვა და სხვა დაავადებებით იხოცება იმის გამო, რომ სასწაფოს იძახებენ და არ მიდის დროულად, ან კლინიკებში ადგილები არ არის. ლამის  ყველა კლინიკა კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა და სხვა დაავადებების მქონე,  კრიტიკულ პაციენტებსაც ვეღარ იღებენ. ფეხი რომ მოიტეხო, ვეღარ მიდიხარ ვერც ერთ საავადმყოფოში. როგორ უნდა გამოძვრეს ამ სიტუაციიდან ეს ხელისუფლება, არ ვიცი. პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია.  ყველაზე მძიმე ამათთვის რაც არის, ეს შიდა პოლიტიკური კრიზისია და ამ კრიზისს „ქართული ოცნება“ ვერ დაასრულებს, მას გადაჰყვება.

ალია