მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით, დაწერა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” პარტიული სიით მოხვდა. გუშინ ოპოზიციის წევრებმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს. ცერემონიალს ირაკლი ჩავლეიშვილი არ დასწრებია.
როგორც ჩავლეიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს, რადგან პარტიის პოზიცია მისთვის მიუღებელია.
„სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია. დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია“, – წერს ჩავლეიშვილი.
როგორც ჩავლეიშვილი აღნიშნავს, მისთვის ასევე მიუღებელია საქართველოში ევროკავშირის და აშშ-ს ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.
უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართა.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 ადგილიდან 14 მმართველმა პარტიამ, 7 კი ოპოზიციამ მიიღო.