გულაჩუყებულთა ხბოს აღტაცება და ლაგამამოდებული ქართული ინტელიღენცია

გუშინ აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევისას, ცნობისმოყვარეობის გამო კადრში მოხვედრილ მამა-შვილს, რომელიც დღის ჰიტად იქცა, კალაძემ ბინა აჩუქაო – ხბოს აღტაცებას ვერ მალავენ გულაჩუყებული ქართველები.

გაჭირვებულის (მით უმეტეს, უკიდურესად გაჭირვებულის) დახმარება ღვთიური საქმეა და ღმერთმაც შეუწიროს, მაგრამ ისიც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ არა “აფრიკის დასახლებაში” გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, კალაძეს მათი დასაჩუქრება აზრადაც არ მოუვიდოდა?!

ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ქვეყანაში ათასობით უკიდურესად გაჭირვებულია,სპონტანურად გაღებული მოწყალება ზღვაში წვეთიც არ არის! რა თქმა უნდა, კალაძეს არ ეცოდინებოდა კონკრეტულად იმ ოჯახის ისტორია, მაგრამ, ხომ არსებობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომელთაც ევალებათ ასეთი ოჯახების აღრიცხვა და მატერიალურ- ფინანსური მხარდაჭერა?!

წუხელ, კალაძის ფანებმა თვალზე აგვაფარეს ის ქველმოქმედება, რაც მას გაუკეთებია წლების მანძილზე და უმადურიც გვეძახეს, მაგრამ, ჩვენ პრეტენზია ხომ არა გვაქვს კალაძესთან, როგორც ქველმოქმედთან – ის თავის ფულს, ვისაც უნდა იმას აჩუქებს და როგორც უნდა ისე გამოიყენებს, მაგრამ, კალაძე დღეს მარტო მილიონერი არ არის- ის დედაქალაქის თავია და მის მიმართ პრეტენზია მხოლოდ ამ თვალსაზრისით შეიძლება გვქონდეს!

კი ბატონო, სახელმწიფოს მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები არ უნდა დავუშვათ, რომ მას სისტემატური ხასდიათი არ მიეცეს, მაგრამ, ჩვენ არასწორად შერჩეულ დროზე და „კანონიერების“ აღსრულების ფორმაზე გვქონდა პრეტენზია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნეგატივით.

ისე, რაც შეეხება ქველმოქმედებას, ბიძინა ივანიშვილი ათეული წლებია უხვად ასაჩუქრებდა და როგორც ამბობენ, დღესაც ასაჩუქრებს ქართველ ინტელიგენციას.

შედეგად კი რა მივიღეთ?

ლაგამამოდებული ინტელიგენცია, რომელიც ან საერთოდ გაჩუმებულია და ვერ „ამჩნევს“, რა უფსკრულისკენ მიექანება ქვეყანა, ან , 24 საათი იმაზე გვიჩიჩინებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ქველმოქმედია და ჩვენ უმადურები ვართ!!!

კი მაგრამ, ბიძინა, მარტო ქველმოქმედი ხომ არ არის ქართულ რეალობაში?როგორც ამბობენ, ის შპს “საქართველოს “ გენერალური დირექტორიცაა.

ასევე ითქმის კახი კალაძეზეც – იგი არა მარტო მილიონერი და ქველმოქმედია, არამედ, ქალაქის თავიც!

როგორც ჩანს, ძალიან დავბრმავდით და დავყრუვდით- ჩვენს იქით ვერც ვხედავთ და არც არაფერი გვესმის!!!

 

ზაურ ნაჭყებია