კაცი, რომელიც საოცრად ჩამორჩა ცხოვრებას იმით, რომ ბევრად გაუსწრო აწმყოს-  თეიმურაზ კვარაცხელია

ვერაფრით მოვერგე ამ ცხოვრებას – ვერაფრით მოვარგე ნიჭი ყოველდღიურობას! . . .  მეუბნებიან გასწრებით ჩამორჩი ცხოვრებასო!


იქნებ და მართლაც ფოთოლცვენის პერიოდი აქვს ჩემს ხასიათს და მერცხლებით მოყვანილი გაზაფხულის მასპინძლობა განუძრახავთ მამა-პაპისეულ თვისებებს ჩემსას.
თუმცა, მე რა….
მეუბნებიან და მეუბნებიან, ერთხელაც ხომ მოიხურავს ზამთარი კარებს და დაჭირდება მომავალს ჭერიდან ჩამოხსნა?!…
არა, მაინც ვერ გავიგე ზამთრის მერე მოდის გაზაფხული თუ თეთრი რომ გამოელევა ამინდს და ღრუბლებს რომ ცრემლებს ჩამოწმინდავს მაისი, იმ დროს უნდა ამოიღოს ხმა სიმართლემ.
ეჰ, ერთი კაცური სიმართლე მალამოსავით მოედებოდა დედამიწას, მაგრამ როდის იყო თებერვლის კართან დეკემბერი რომ ყოფილა ატუზული…

არა მგონია, რომ სანამ გადასხვაფერებულ ადამიანს არ მიეცემა საშუალება პირიდან სიმართლის გადმოდინებისა, საკუთარ ჩრდილს ამოფარებულმა კაცმა იმდენი მოინდომის, რომ საკუთარ თავს წაართვას უფლება საკუთარ ჩრდილთან დგომისა, რადგანაც დღევანდელ სცენაზე ვაი რომ აჩრდილი უკეთესად ირგებს დღევანდელობის შესაფერის ნიღაბს და ასრულებს დღევანდელი კაცის როლს, ვიდრე საკუთარ ჩრდილს ამოფარებული ადამიანი, რომელსაც ერთი სული აქვს მზე რაც შეიძლება ჩქარა მოეფაროს ღრუბელს და საკუთარი ნამდვილი სახე დამალოს…

მე კი მაინც იქ ვიქნები, სადაც თითო ოროლა დროს გასწრებული ადამიანი ჩამორჩა ცხოვრებას და ელოდება რიგში მდგარ სიმართლეს, რაც იყო და რაც უნდა მოხდეს, იქნებ და იმან გამოანათოს ღრუბლებიდან და მზის სხივებით მორთული დედამიწა კვლავ აიძულოს სულის სიმაღლემდე ამაღლდეს და ერთხელ და სამუდამოდ მისთვის შესაფერი ნოტებით მიმოაფრქვიოს იმედის ჰანგები ამ მრავალჯერ ფერნაცვალ აწმყოს . . .
და მაინც, ვერასოდეს გაუგებ კაცს, კაცს, რომელიც საოცრად ჩამორჩება ცხოვრებას იმით, რომ მან ბევრად გაუსწრო აწმყოს და საცაა მომავლის კარებსაც კი წაეპოტინება!.

თეიმურაზ კვარაცხელია