„ნაცმოძრაობა“, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ისე აგრძელებს მუშაობას – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს.

როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პარტიის დატოვებას არავინ აპირებს.

 ბატონო ზაალ, ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.  შესაძლოა „ნაცმოძრაობა“ პარტიის სხვა წევრებმაც, მაგალითად, თინათინ ბოკუჩავამ ან სალომე სამადაშვილმაც დატოვონ?

– ვერანაირად დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან თინა ბოკუჩავას და სალომე სამადაშვილს თითქმის ყოველდღიურად ვუსმენ ეთერებში და მათი პოზიცია სრულაიდ თანხვედრაში პარტიის პოზიციასთან.

რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არ არის იოლი, როცა პარტიის თავმჯდომარე პოსტს ტოვებს, თუმცა ახლა „ნაცმოძრაობა“, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ისე განაგრძობს მუშაობას. ვინ შეიძლება დაიკავოს ბატონი გრიგოლის თანამდებობა, არ ვიცი, ამის შესახებ  არც გვიმსჯელია.

– „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის წევრებს შორის საკვანძო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები არ არსებობს? – გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზად „ნაცმოძრაობის“ მიერ ელჩების კრიტიკა და ლიდერშიფის მიერ მიღებული არაჯანსაღი გადაწყვეტილებები დაასახელა, რაც მის პოზიციასთან შეუთავსებელი იყო. 

– პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს იმ გაწეული შრომისთვის, რაც მან პარტიაში განახორციელა, ეს არ იყო იოლი ნამდვილად. ძალან ბევრი რამ გააკეთა მან, როგორც პარტიის ლიდერმა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.  ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. პარტიაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ძალიან ფართო კონსენსუსით.  რაც შეხება ელჩების კრიტიკას, ჩვენ არასოდეს გაგვიკრიტიკებია ფასილიტატორები და არ ვიცი, ვის გულისხმობდა ბატონი გრიგოლი თავის განცხადებაში.

– მინდა გკითხოთ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების შესაძლო გაგრძელებაზეც – იმ ფონზე, როცა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე თქვენმა პარტიამ განცხადება უკვე შეიტანა, რამდენად პერსპექტიული და შედეგიანი შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელება?

– მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ამ საკითხის გადაწყვეტა ისედაც შეიძლება. თუმცა, ვიდრე ჯერ არ დაკმაყოფილდება ოფიციალურად ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტის  საკითხი, ამას გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება, კიდევ არის პატარა ფანჯარა დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოეგება გონს, გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს, რა თქმა უნდა, არის ფანჯარა…  მოლაპარაკებები შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს, უბრალოდ, ეს იქნება გაცილებით რთული მოლაპარაკებები.