ჩვენებაში, რომელიც მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 დეკემბერს მისცა “კარტოგრაფების საქმეზე”, არ ახსენებს არც ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დავით ხიდაშელს მისცა რუკების მოძიების დავალება და არც მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ამ საქმეზე მედიასთან საუბრისას არაერთხელ უწოდა “მოღალატე”.
თავდაცვის მინისტრის გამოკითხვის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ირაკლი ღარიბაშვილი არც იმას ამბობს, როდის და რატომ შესთავაზა დავით ხიდაშელმა რუკების მოძიება. ხიდაშელს ის მხოლოდ გაკვრით ახსენებს და უთითებს, რომ თავდაცვის სამინისტროს იგი, როგორც ამ საქმეში გამოცდილმა პირი, რუკების მოძიებაში დახმარებას შეპირდა. ირაკლი ღარიბაშვილის 10 გვერდიან ჩვენებაში არც ბეჟან მაისურაძე იხსენიება, იგორ გიორგაძის ბიზნესპარტნიორი, დავით ხიდაშელის მეზობელი და პირი, რომელიც ხიდაშელის თქმით, უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეხვედრებსა და კარტოგრაფიული დოკუმენტაციის მიწოდების პროცესებში.
ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ მისთვის დავით-გარეჯის საქმე არქიმანდრიტ კირიონთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი და ამ თემაზე ფიქრი არ შეუწყვეტია არც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ. საზღვრის დადგენისა და შეთანხმების პროცესში ის ენდობა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს და კმაყოფილი არ არის კომისიის მუშაობით. ის ჩვენებაში ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარე საკმარის ძალისხმევას არ იყენებდა ისტორიული კარტოგრაფიული მასალების მოსაძებნად. თავდაცვის მინისტრისთვის ასევე გაუგებარი რჩება, თუ რატომ იყენებდა კომისია ე.წ. “კალკაზე” არსებულ ამონახაზებს, რომელზეც “სრულყოფილი ინფორმაციის აღქმა და შესაბამისად, მის საფუძველზე რაიმე ანალიზის გაკეთება შეუძლებელი იყო.” ის ამბობს იმასაც, რომ “კომისიის ექსპერტების მიერ მუდმივად ხდებოდა 1937-38 წლებში შედგენილი 1:200 000 მასშტაბის რუკების იგნორირება და გვერდის ავლა.”
ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენებაში არ ახსენებს საქმის ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების მიხედვით, ივერი მელაშვილი ესწრებოდა შეხვედრებს, სადაც დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა. ის არც ნატალია ილიჩოვას ახსენებს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს, 2013 წლის მარტში დაჯილდოებული ჰყავს მადლობის სიგელით სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის.
თავდაცვის მინისტრი ჩვენებაში დეტალურად იხსენებს როგორ შეხვდა არქიმანდრიტ კირიონს 2014 წელს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გააცნო, როგორც მისი ბავშვობის მეგობარი. ამ შეხვედრას ასევე დეტალურად ყვება თავის ჩვენებაში ბერი კირიონი. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის სამინისტროს კარტოფრაფები ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე.
“მამა კირიონმა შეხვედრაზე დამსწრე პირებს აუხსნა, თუ რა პრობლემები იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე. კერძოდ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩიჩხიტურის კოშკი, სამონასტრო კომპლექსის შემადგენელი კელიები საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში იყო ყოველთვის, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს და მღვდელმსახურებს არ აძლევდნენ ამ ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობას. შეხვედრის დროს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თედო გორგოძემ და ნოდარ ხორბალაძემ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმსია, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ, საკითხის სრულყოფილად გაანალიზებისთვის შესაბამის კარტოგრაფიულ მასალაზე და დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.” – ასე იხსენებს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის გაზაფხულზე გამართულ შეხვედრას გამომძიებელთან. ღარიბაშვილი ამ შეხვედრის შესახებ ამბობს იმასაც, რომ მისი დასრულების შემდეგ მინდია ჯანელიძეს დაავალა შეექმნა საკითხის შემსწავლელი ჯგუფი და თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში დეტალურად შეესწავლათ, “რასთან გვქონდა საქმე” და მისთვის მოეხსენებინათ.
ირაკლი ღარიბაშვილი, არ ახსენებს საქმის ბრალდებულ ივერი მელაშვილს, რომელიც არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების მიხედვით 2015 წლის დასაწყისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. სასულიერო პირი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ მას არ მოეწონა თავდაცვის შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის მიერ დასმულ შეკითხვებზე ივერი მელაშვილის პასუხების ტონი და მის მიერ რუკიდან შესრულებული ე.წ. “ვიკაპიროვკა” კალკის ქაღალდზე. ბერი გამომძიებლებს მოუყვა, როგორ უთხრა ამ შეხვედრაზე ივერი მელაშვილს, რომ მას აქვს “ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფო ინტერესებისადმი”.
წყარო: radiotavisupleba.ge