“იქნებ მოვასწრო ზურას ბოლო სურვილის შესრულება და თბილისში ცოცხალი გადმოყვანა“ – ინტერვიუ ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა 9 თვეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის აპარატზეა შეერთებული.

მომღერლის მეუღლესთან, ქეთი ვადაჭკორიასთან ინტერვიუ “პრაიმამბებმა” ჩაწერა.

– ქალბატონო ქეთი, როგორია ახლა ბატონი ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ზურას მდგომარეობა ახლა არის კრიტიკული, მძიმე და არასტაბილური. საათში ერთხელ იცვლება და საიმედო არაფერია. 9 თვის წინ, შეაერთეს აპარატზე და იმის მერე აპარატით ვსუნთქავთ.

– ძალიან დიდი ხანი დასჭირდა ბატონი ზურასთვის დიაგნოზის დასმას, რატომ გაუჭირდათ ეს ებრაელ ექიმებს და საბოლოოდ რა დიაგნოზი დაუსვეს?

– საკმაოდ რთული დასასმელია ეს დიაგნოზი, გარკვეულ კონდიციამდე უნდა მივიდეს ადამიანი. გამოკვეთილად უნდა მოხდეს რაღაცეები, ექიმმა ამ დიაგნოზზე რომ ილაპარაკოს.
რაც შეეხება მის დიაგნოზს, ეს არის გვერდითი ამიოტროპიული სკლეროზი. უმძიმესი განუკურნებელი დაავადებაა. სამწუხაროდ აგრესიულია და პროგრესირდება.

განსაკუთრებით მძიმდება ბოლო თვენახევრის განმავლობაში. რა იწვევს ამ დაავადებას მეცნიერულ დონეზეც კი არ არის გამოკვლეული მსოფლიოში. ბევრ ქვეყანაში გავგზავნეთ, ანალიზები, მკურნალობის მეთოდიც არ არსებობს. ყველაფერს უკეთებენ ისრაელში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზურა კარგად გახდება, უბრალოდ იმ ქვეყნად წასვლის უფლებას არ აძლევენ.

– როგორ გამოუვლინდა ეს დაავადება ბატონ ზურას?

– როცა დადგინდა ეს დაავადება და რაღაც კითხვები დაგვისვეს, გაირკვა, საქართველოშიც ჰქონია გამოვლინებები. ამას ჩვენთან ნერვოზს ეძახიან. სიმპტომატიკა იწყება ასე, მოხრჩობის შეგრძენა, ჰაერის უკმარისობა, წონაში კლება, გულის პრობლემები და ა.შ.

გულის ოპერაცია საქართველოში გაიკეთა და აქაური ექიმები აღფრთოვანებულები არიან, ისე კარგად აქვს გაკეთებული ოპერაცია თბილისში. ამბობენ, რომ ის გული აძლებინებს.

სანამ აპარატზე შეაერთებდნენ, რამდენჯერმე მოხვდა საავადმყოფოში. თავიდან ჯერ ტუბერკულოზის ჩხირის გააქტიურება უთხრეს, პროგრამაშიც მოხვდა და მკურნალობდა, თუმცა წინ არ მიდიოდა მისი მდგომარეობა, პირიქით მძიმდებოდა. შემდეგ დადგინდა ფილტვის ობსტრუქცია.

სახლში გამოწერეს რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგრამ გართულდა მისი მდგომარეობა, სუნთქვა გაუჭირდა, გამოვიძახეთ სასწრაფო და იმ დღიდან შეაერთეს აპარატზე. თვენახევარი კომაში იყო, მაგრამ როცა კომიდან გამოიყვანეს, ვეღარ შეძლო აპარატის გარეშე სუნთქვა და ამის შემდეგ დაუსვეს საბოლოო დიაგნოზი.

კუნთების ატროფია დაეწყო და ამიტომ დაფიქრდნენ ამ დიაგნოზზე. ძალიან არ უნდოდათ ეს დაავადება ყოფილიყო, რამდენჯერმე გადაამოწმეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს დიაგნოზი მიიღეს.

– ცნობილია, რომ ბატონ ზურას ბებია ჰყავდა ებრაელი და მოქალაქეობაც მიიღეთ…

– ზურას ბებია ჰყავდა ებრაელი და როცა უსახლ-კაროდ დავრჩით საქართველოში, სწორედ ისრაელში წასვლა გადავწყვიტეთ. გვინდოდა აქ გვეშოვა სამსახური, თავიდან დაგვეწყო ცხოვრება, შემდეგ გვეყიდა ბინა თბილისში და ისევ საქართველოში დავბრუნებულიყავით.

ზურა ამერიკაშიც იყო, მოსკოვშიც ჰქონდა მიწვევები, მაგრამ თბილისის გარდა არსად რჩებოდა. ისრაელში დიდხანს დარჩენაც არ უფიქრია. ზურასთვის საქართველო და თბილისი არის გული, რომლითაც ცოცხლობს. მისი ცხოვრება ქართველი ხალხის აპლოდისმენტების ქვეშ იყო.

ამასწინათ ვიხსენებდი, სახლიდან როცა გამოვდიოდით, ჭავჭავაძის ქუჩიდან ფილარმონიასთან ორი საათი მივდიოდით ფეხით, იმიტომ რომ ყველა ეფერებოდა.

ყველაზე მეტად უყვარდა მელიქიშვილის გამზირი და იქ ფეხით სეირნობა.

– რატომ დაკარგეთ ბინა?

– არ არის სალაპარაკო. რაღაც პრობლემა შეგვექნა და დავკარგეთ. ჩვენ არ გვიყვარს პრობლემებზე საუბარი, ამიტომ დავტოვეთ საქართველო ჩვენი პრობლემებით ხალხი რომ არ შეგვეწუხებინა.

მეგობრები ეჩხუბებოდნენ სულ, ამოიღე ხმაო. არ გვითაკილია, წამოვედით – აქ ზურამ აეროპორტში დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ სანამ ადაპტაცია გავიარეთ და დავიწყეთ ბინის შეძენაზე ზრუნვა, მოხდა ის რაც მოხდა. ეს ბინა მეორე ხარისხოვანი გახდა ჩემთვის და ზურასთვის…

ახლა ზურა რეანიმაციაშია. აქ ბევრი სხვა პრობლემებია რომელსაც იწვევს ეს დაავადება. ადგილი არ აქვს დარჩენილი, სადაც ჩადგმული არაა კათეტერი.

ბოლო ერთ თვეში სამი ოპერაცია გაუკეთეს, ზურას შიდა ორგანოების კუნთოვანი მასა და ქსოვილიც აღარ აქვს და საკვების მიმღები აპარატი ორგანიზმმა ორჯერ ვერ დაიჭირა, დღეს სხვა აპარატი ჩაუსვეს, წნევამ აუწია, პულსი აჩქარდა, ეს ნიშანია იმის რომ ორგანიზმმა რეაქცია მისცა და ვნერვიულობ ამოსაღები არ გახდეს. მძიმე და სასტიკი დაავადებაა.

– რა ენატრებოდა ყველაზე მეტად თბილისში?

– თბილისში ყველაფერი ენატრებოდა, მეგობრები, ქუჩა, სცენა, კონცერტი. ყოველი კუთხე და კუნჭული უყვარს და ენატრება.

დიდი ხნის წინ გვინდოდა გადმოყვანა, როცა ასეთი დამძიმებული არ იყო, მაგრამ პანდემია დაიწყო და გზები ჩაიკეტა. ამას სახსრები სჭირდებოდა.

მადლიერი ვარ დათო ოქიტაშვილის, მისი მეგობრების და სახელმწიფოსი. დათოს კეთილი ნება იყო საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება და თანხის შეგროვება.

არ მაქვს საუბარი ზურას დღეს და ხვალ რეანომობილით წამოყვანაზე. აქაურმა ექიმებმა იციან, რომ მისი წაყვანა მინდა საქართველოში, ამ წუთას ეს გამორიცხულია. მეუბნებიან ჩვენ ხელს ვერ მოგიწერთო და მე ზურას სიკვდილზე ხელს ვერ მოვაწერ. 9 თვეა ვიბრძვი.

ეს მარათონი ჩატარდება, ზურას ვარსკვლავი გაიხსნება და თანხა იქნება სპეციალურ ანგარიშზე. უფლის ნება იქნება მოვასწრო ზურას ბოლო სურვილის შესრულება და თბილისში ცოცხალი გადმოყვანა.

ზურა დოიჯაშვილის მხარდასაჭერი მარათონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 18 დეკემბერს ჩატარდება.

მარათონის დასრულების შემდეგ, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი – BAGAGE22

ანგარიში – GE06BG0000000498478658

მიმღები – ტურიზმის განვითარების ასოციაცია

დანიშნულება – ზურა დოიჯაშვილისთვის