ვის განიხილავენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ – ეს კითხვა პოლიტ. პარტიულ ცხოვრებაში ერთ-ერთი აქტუალურია გრიგოლ ვაშაძის დაკავებული პოზიციიდან წასვლის შემდეგ.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, პარტიაში სამ კანდიდატურაზე საუბრობენ და ესენი არიან: ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, წევრების უმეტესობა პარტიის თავმჯდომარედ მხარს ხატია დეკანოიძეს უჭერენ. მისი ინფორმაციით, კვირის ბოლოს კანდიდატზე საბოლოოდ შეჯერდებიან და პარტიულ ყრილობაზე დაამტკიცებენ, რომელიც ახალი წლის შემდეგ ჩატარდება.
წყაროს ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვაკონკრეტებთ.
“ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია განიხილებიან პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე, მაგრამ უმეტესობა მხარს დეკანოიძის კანდიდატურას უჭერს. კვირის ბოლოს ამ საკითხზე პარტიის პოლიტიკური საბჭო კონსულტაციებს დაასრულებს და ახალი წლის შემდეგ, ყრილობაზე დელეგატები კანდიდატს დაამტკიცებენ.” – ამბობს წყარო.
– რატომ უჭერენ მხარს დეკანოიძის კანდიდატურას, რა არგუმენტს ასახელებენ პარტიის წევრები?
– მართალი გითხრათ, მეც დეკანოიძეს ვუჭერ მხარს. ის ძალიან პრინციპული და ჭკვიანი ქალია, აქვს ის უნარები და თვისებები, რაც თავმჯდომარეობას სჭირდება. რაც შეეხება ლევან ვარშალომიძეს, მისი დამსახურებაა პარტიის პოპულარობა აჭარაში და ის გადასარევად უძღვება თავის საქმეს, ამდენად მნიშვნელოვან პროცესს ჩამოშორდეს და პარტიული ცხოვრების დღის წესრიგი შექმნას, არაა მიზნობრივი. სწორედ ამ მიზეზის გამო ვფიქრობთ, რომ ხატია დეკანოიძე უკეთესი იქნება, თორემ ვარშალომიძეს არანაკლები მხარდაჭერა აქვს პარტიაში.
ნიკა მელია კი, ისედაც ლიდერია და მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნაციონალურ მოძრაობაში. ის ძალიან ხისტი პოლიტიკის გამტარებელია და ამიტომ, წევრების დიდი ნაწილი მხარს დეკანოიძის კანდიდატურას ვუჭერთ.
– როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი დეკანოიძეს და ვინ არის მისი მხარდაჭერილი კანდიდატი?
– მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს ძალიან აფასებს, ყოველთვის სიამაყით აღნიშნავს ამ ადამიანების თავდადებას. დეკანოიძის შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, როცა მას ჩვენს კანდიდატურას გავაცნობთ, ისიც პარტიის უმრავლესობის მხარეს დადგება და არჩევანს მოგვიწონებს.
“პრაიმტაიმი” შეეცადა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა პარტიაში ამ კითხვას არ პასუხობენ.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის ტოვებდა როგორც პარტიაში დაკავებულ თანამდებობას, ისე – პარტიას.