„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიცია შეხვედრას მართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიცია მორიგ შეხვედრას მართავს.

მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, მმართველი გუნდის ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.

სწორედ ინიცირებული პროექტი და სამომავლო გეგმები იქნება მათი განხილვის მთავარი თემა.

ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ ამ ინიციატივით ვინმე შეიყვანოს საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიციის ბოიკოტი გრძელდება, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. „დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ჩვენს ხედვებს გავუზიარებთ, დავგეგმავთ სამოქმედო ნაბიჯებს, უკვე ერთ კვირაა არ შევკრებილვართ და გარდა ამისა კობახიძისა და „ქართული ოცნების“ ყოვლად დესტრუქციული განცხადებების შემდეგ განვიხილავთ რა გამოსავლები არსებობს, როგორ ვიმოქმედებთ ერთობლივად, „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ წამოსულა ძირითად საკითხებზე და ჩვენ წინა ხუთშაბათს განვაცხადეთ მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის და ველოდებოდით, რომ ორშაბათს, ან სამშაბათს შედგებოდა, თუმცა კვირა მიილია და „ქართული ოცნებისგან“ რაიმე ტიპის წინადადება არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„ევროპული დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას განცხადებით, თუ ოპოზიციას სურს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს აუცილებელია, რომ ოპოზიციური პარტიები, ყველა პარტია ერთ ბლოკად ჩამოყალიბდეს.

 

“იმედინიუსი”