საჯაროდ ვიწვევ კახა კალაძეს ექსკურსიაზე თბილისში – ანა ნაცვლიშვილი

“თუ კახა კალაძეს მეტი „უკანონო“ მშენებლობა თბილისში არ უნახავს, საჯაროდ ვიწვევ მას ექსკურსიაზე თბილისში” – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ღამის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, თბილისში ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობაა, რომელიც ფულის გამო კანონიერად არის გამოცხადებული.

„საჯაროდ მინდა ვუთხრა, თუ კახა კალაძეს მეტი „უკანონო“ მშენებლობა თბილისში არ უნახავს, საჯაროდ ვიწვევ მას ექსკურსიაზე თბილისში. მე ვაჩვენებ მას ძალიან ბევრ უკანონო მშენებლობა, რომელიც ფულის გამო არის გამოცხადებული კანონიერად, მათ შორის ჩემი სახლის წინ თემქაზე. ვეპატიჟები და საჯაროდ მინდა მოვიწვიო. მას შეუძლია ეს პრობლემა გადაჭრას“,- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“ – წერია განცხადებაში.

ასევე, მოგვიანებით შესაბამისმა უწყებებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ყველა ნაგებობა იყო მშენებარე და იქ არავინ ცხოვრობდა.

წყარო: itv.ge