მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, დღესასწაულების მოლოდინში ქვეყნები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან – შეამსუბუქონ თუ არა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები.
კოვიდ ახალი წელი ევროპაში – რა შეზღუდვებს აწესებენ ქვეყნები
|ნიდერლანდები
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 5-კვირიანი მკაცრი ლოქდაუნი წესდება. შეზღუდვები 15 დეკემბრიდან 19 იანვრამდე იქნება ძალაში.
ქვეყანაში დახურულია არააუცილებელი მაღაზიები, კინოთეატრები, სალონები და სპორტული დარბაზები. 17 დეკემბრიდან დაიხურება სკოლებიც. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ აუცილებელი არაა, მარტამდე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
შეზღუდვები ცოტა ხნით შობის დღეებში შემსუბუქდება. ოჯახებს შესაძლებლობა მიეცემათ 2 სტუმრის ნაცვლად სამი მიიღონ.
„მოვა დრო, როცა კორონავირუსს უკან მოვიტოვებთ და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“,- აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.
|დიდი ბრიტანეთი
დღეიდან ქვეყანაში ბარები და რესტორნები იკეტება. ისინი მიტანის სერვისზე გადადიან. ასევე, ქვეყანაში დაკეტილია გასართობი ადგილების უმეტესობა და სტადიონები.
დიდი ბრიტანეთი 23-27 დეკემბრამდე (ჩრდილოეთ ირლანდიაში 22-28 დეკემბრამდე) მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს დროებით მოხსნის, რათა სადღესასწაულო დღეებში ოჯახებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცეთ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ფორმა გამოვლინდა.
უფრო ვრცლად ამ თემაზე – ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ
|იტალია
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით წლევანდელი ახალი წელი „ჩახუტების, კოცნისა და ღონისძიებების გარეშე ჩაივლის“.
იტალიის რეგიონების უმეტესობაში ლოქდაუნი მოქმედებს. საქალაქთაშორისო მიმოსვლა 21 დეკემრიდან 6 იანვრამდე აკრძალულია.
ახალი წლისა და შობის დღეებში მოსახლეობას სახლების დატოვება ეკრძალება. გამონაკლისია მხოლოდ სამსახური, ექიმთან ვიზიტი და სხვა გადაუდებელი შემთხვევები.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 22:00-დან დილის 5 საათამდე მოქმედებს.
იტალიაში ეკლესიები ღიაა, თუმცა წელს ტრადიციული საღამოს წირვა არ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსის პირველი ტალღის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.
|საფრანგეთი
საფრანგეთმა 15 დეკემბერს ლოქდაუნი შეამსუბუქა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში კვლავ მოქმედებს.
ასევე, მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში აღარ მოეთხოვებათ საბუთების წარდგენა, რათა წასვლის მიზეზის აუცილებლობა დაასაბუთონ.
ქვეყანაში საღამოს 20:00-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც მხოლოდ ერთხელ, შობის დღესასწაულზე მოიხსნება.
საფრანგეთში დაკეტილია კინოთეატრები, ბარები და რესტორნები.
|გერმანია
გერმანიაში დღეიდან მკაცრი ლოქდაუნი ამოქმედდა, რომელიც ძალაში 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იქნება.
ქვეყანაში დახურულია არააუცილებელი მაღაზიები და სკოლები.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება საახალწლო შოპინგს უკავშირდება.
ლოქდაუნის პერიოდში ქვეყანაში სურსათის მაღაზიები და ბანკები ღია იქნება.
ასევე, ამ ახალ წელს დაკეტილი იქნება საშობაო ბაზრობაც. გაუქმებულია საახალწლო ღონისძიებები.
|ესპანეთი
ახალი წლისა და შობის დღესასწაულის პერიოდში ქვეყანაში საქალაქთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები დროებით მოიხსნება.
შეკრების ლიმიტი ესპანეთში 10 კაცია. რაოდენობაში ითვლებიან ბავშვებიც.
ესპანელები სამი მეფის დღესასწაულს 5 იანვარს პარადით აღნიშნავენ, მაგრამ მთავრობის რეკომენდაციით წელს ზეიმი არ გაიმართება.
|ავსტრია
ავსტრიაში კომენდანტის საათის ხანგძლივობა შემცირდა და ის ახლა 20:00-06:00 საათამდე მოქმედებს.
ქვეყანაში დახურულია ბარები. დღესასწაულის დღეებში რესტორნებსა და სხვა ობიექტებს მომხმარებლებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისის შეთავაზება შეეძლებათ.
გაუქმდა საშობაო ბაზრობაც. იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, სადაც ყოველ 100 000 მოსახლეზე კოვიდის 100 შემთხვევა ფიქსირდება, 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
წყარო: itv.ge