საშინელი სიღატაკე ადამიანებს სასტიკ ბიოლოგიურ მონობაში აგდებს – ირაკლი კაკაბაძის საჯარო წერილი ხელისუფლებას!

მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს :

“რიგით ამომრჩევლის დაკვეთა!

მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკოსს!

ღრმად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

გიორგი ყაულაშვილის საოცრად ნეორეალისტური ფოტოს ფონზე მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც მიგაჩნიათ რომ ეს ქვეყანა გიყვართ და ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებთ.

ჩვენ ყველანი ვხედავთ რომ მთელი მსოფლიო დღეს საშინელ სამედიცინო კრიზისშია კოვიდ19-ის პანდემიის გამო. ჩვენ, რიგითი ამომრჩევლები და მოქალაქეები კანონმორჩილად ვიცავთ პანდემიისგან თავის და სხვების დაცვის ყველა წესს და ვერიდებით ხალხმრავლობებს, ზეიმებს, კონცერტებს – დაიხურა თეატრები, ხელოვნების დარბაზები და გაუქმდა პრაქტიკულად ყველა შეკრება. თუმცა, მოსახლეობას აუცილებლად სჭირდება პანდემიის პირობებში ხელისუფლების განსაკუთრებული გვერდზე დგომა – ინიციატივის კიდევ უფრო მეტად საკუთარ ხელში აღება რომ ამ ოცდამეერთე საუკუნის ჭირმა არ იმსხვერპლოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე. ეს აუცილებელია.

აგრეთვე, 1992 წლის 6 იანვრიდან, მას მერე რაც ძალადობრივი გზით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი სიღატაკე და მოქალაქეების შიმშილით და უსახლკარობით სიკვდილი სულ უფრო და უფრო გახშირდა.

თანდათანობით გაძლიერდა დღევანდელი ბარბაროსული სოციალ-ეკონომიკური სისტემის – ნეოლიბერალიზმის კულტი მთელს ქვეყანაში – სადაც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ძალიან დიდი ქონება და ძალია, ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს პრაქტიკულად არაფერი აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი პირდაპირი მნიშვნელობით არსებობისათვის იბრძვის – უსახლკაროდ რჩება და საჭმლის სახსრები არა აქვს. ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები კარგად ვგრძნობთ უკანასკნელი 29 წლის პოლიტიკის სრულ დაუნდობლობას – ნელ-ნელა ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდება ქართველი ერის სოციალ-ეკონომიკური გენოციდი. ადამიანებს არ აქვთ სარჩო საბადებელი – ათასობით ადამიანი უკვე არის საკუთარი სახლიდან ქუჩაში გაგდებული ყოველგვარი ალტერნატიული სივრცის შეთავაზების გარეშე.

ჩვენ საქმე გვაქვს დაუნდობელ ჯუნგლების კანონთან, რომელიც ანტი-ქრისტიანულიც არის და ანტი-ჰუმანურიც. მე ვფიქრობ რომ ამას ყველა თქვენგანი კარგად ხედავს. დღეს, სახელმწიფოში – გარკვეული კერძო პირების და კორპორატიული დაჯგუფებების ხელში დაგროვილია დიდძალი ქონება, რომლის ჯამი ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელიც სჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. ადამიანს აქვს მეტად ფუნდამენტური უფლება რომ მას ჰქონდეს მინიმალური საცხოვრებელი პირობები და ჭერქვეშ ცხოვრობდეს – ეს არის ადამიანის სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებაც.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტის უკანონო დამხობის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს ეს ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფო და კერძო კაპიტალი მათ ეპყრობიან, როგორც შიმშილით მოსაკლავად განწირულ არსებებს – ამას ცხოველის რეალობაც აღარ ეწოდება. ყველა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მოქალაქეებში და ამომრჩევლებში ჩნდება იმედი, რომ სახელმწიფო შეასრულებს თავის ვალდებულებას და უსახლკაროდ და სარჩო-საბადებლის გარეშე არავის დატოვებს. მაგრამ, საუბედუროდ ეს არ ხდება. კერძო ქველმოქმედება, რაც შეიძლება დიდი სიკეთეც იყოს, მაინც ვერასდროს ჩაანაცვლებს იმ სახელმწიფო ვალდებულებას, რომელიც მისი მოქალაქეების – განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების – სიცოცხლის უფლებას დაიცავს.

მოსახლეობის 100 პროცენტს გააჩნია სიცოცხლის უფლება – და ბოლო 29 წელია ნელ-ნელა და მეთოდურად ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ. დღეს, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ან სასოწარკვეთილია ან სულაც შიმშილით ღაფავს სულს. ამ დროს ჩვენი დაკვეთა ხომ ის არის, რომ მოსახლეობის 100 პროცენტს ჰქონდეს საარსებო მინიმუმი. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორია, რომელიც ავალებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას რომ გამოიწვიოს ‘ხელოვნური უკმარისობა’, იმისთვის რომ შიშით სხვები მონურ სამუშაოზე დათანხმდნენ. თუმცა ამ მეთოდზე განვითარებულმა სამყარომ და განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის, ჩრდილო ამერიკის, იაპონიის, ტაივანის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობამ. და ყველა ამ ქვეყანას მეტ ნაკლებად სოციალურად დემოკრატიული სისტემა ჰქონდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და აქამდეც. თუმცა ჩვენს ქვეყნაში გამეფებული სოციალური დარვინიზმი ახლა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს იწირავს. ნეოლიბერალიზმის დამანგრეველ ეკონომიკურ დოქტრინაზე უარის თქვა არის აუცილებელი დღეს ჩვენი ყოველი მოქალაქისათვის! იმისათვის რომ სახელმწიფო არ ჩამოინგრეს – მან უნდა შეძლოს მისი მოსახლეობის არა მხოლოდ ფიზიკური – არამედ სოციალ-ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვაც. და ეს არ ხდება 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ.

ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც ‘გლახის ნაამბობი’ დაიწერა და ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა რომ რაც შეიძლება მალე სწორედაც რომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს სიღატაკეს და გაჭირვებას, რომელიც ადამიანებს სასტიკ ბიოლოგიურ მონობაში აგდებს. ჩვენი, როგორც ამომრჩევლების დაკვეთაა – სახელმწიფო და კერძო რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოხდეს იმისათვის, რომ ასეთი საშინელი სიღატაკე აღარ იყოს ქვეყანაში.

ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის – რომელიც 1990 წლიდან უკვე ყველა არჩევნებს შეესწრო და მეტნაკლებად ბევრ პოლიტიკოსს იცნობს პირადად მნიშვნელობა არა აქვს ვინ ან როგორ იქნება ან პარლამენტში ან მთავრობაში. ჩემთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნებისმიერი ხელისუფლება და ოპოზიციაც ერთად ან ცალ-ცალკე მუშაობდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი მდგომარეობა აღარ იყოს. რომ ჩვენ ყველანი სიღატაკისგან არ დავიღუპოთ, როგორც ერი – რამეთუ თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვა არა-აუცილებელი შიმშილისგან მთელი ერის დაღუპვის საწინდარია. ჯერ ერი სულიერად კვდება ეგოიზმით და კონკურენციაში ჩაფლვით – და შემდეგ უკვე ფიზიკურადაც ნადგურდება.

ეს არის ამომრჩევლის უპირველესი დაკვეთა – რადგან ჩვეულებრივი ბიოლოგიური ინსტიქტების – შიმშილისა და სითბოს მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა – მთლიანად მიწასთან ასწორებს ერის ღირსებას, სინდისსა და ნამუსს.

ჩვენთან, რიგით ამომრჩევლებთან – კი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკოსები არიან პასუხიმგებლები. ყველა ის პირი, ვინც საჯარო ვალდებულებას იღებს. პოლიტიკა პროფესია არ არის – ეს საჯარო სამსახურია. საჯარო სამსახური ამომრჩევლის დაკვეთის შესარულებლად.

დღეს, ქართველი ერის სიღატაკისგან და ბიოპოლიტიკის ჭაობში სიკვდილისგან დახსნა არის ამ ქვეყნის ყველა პოლიტიკოსის ვალდებულება – ახლავე და დღესვე!

ეს არის ყველა იმ ამომრჩევლის დაკვეთა, რომელიც ყოველ დღე გადარჩენისთვის იბრძვის სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსებით!

დღეს, შესაძლებელია ‘ხელოვნურ უკმარისობაზე’ უარის თქმა და სიცოცხლის შესაძლებლობის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გადანაწილება. ამის უამრავი პოზიტიური მაგალითი არსებობს. თამარ მეფის ქვეყანას ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია! ეს იმ შემთხვევას მოხდება თუ ძალაუფლებისთვის ბრძოლის მაგივრად მთელი ქვეყანა გაერთიანდება ბიოლოგიური მონობის და საშინელი სიღატაკის წინააღმდეგ, რომელიც უამრავ ჩვენგანს კლავს!

ამომრჩეველი ნომერი 1 432 647 – უპარტიო”

“ალია” – მართალია, ირაკლი კაკაბაძე ყველა პოლიტიკოსს მიმართავს და არავის გამოჰყოფს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ივანიშვილია და სწორედ ის მართავს პოლიტიკურ ამინდს უკვე 8 წელზე მეტია, პირადად მასთან ვამისამართებთ ამ წერილს, რომელიც კარგად ასახავს ქვეყნის იმ ტკივილს და გაჭირვებას, რომლის დანახვაც ბევრ პოლიტიკოსს არ სურს. მართალია, ეს არ არის მხოლოდ ბოლო წლების პრობლემა, მაგრამ ჩვენ პრობლემის ძირი ვიცით, ახლა მხოლოდ მისი მოგვარების გზები გვაინტერესებს!