სამოქალაქო მოძრაობის მიერ მოწყობილმა საპროტესტო აქციებმა დღეს ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დღეს ხელჩართული ჩხუბი იყო, სადაც მოძრაობა “გაბედეს” ორმა აქტივისტმა ტვინის შერყევა მიიღო.
დაპირისპირება “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოლქთან დღის სამ საათზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები გამოჩნდნენ. ადგილზე მისულ აქტივისტებს სამართალდამცველებთან ერთად უკვე მობილიზებული დახვდათ მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. მხარეებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციის დროს სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისთვის შვიდი პირი დააკავეს. მათგან 4 მოძრაობა “გაბედეს” წევრი, ხოლო 3 “ქართული ოცნების” აქტივისტი იყო. დაკავებულები 1 საათში მცხეთის რაიონული სამმართველოდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
აქციაზე დაპირისპირების დროს დაშავდა “გაბედეს” 2 წევრი – ცოტნე ვადაჭკორია და ლაშა დიაროვი. დაშავებულები მცხეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ.
მცხეთის მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ადგილზე ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ. მათ საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულეს და მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.
დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარულ ოლქში სიტუაციის განმუხტვის შემდეგ მივიდა და ოპოზიციის ლიდერები დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.
მოძრაობა “გაბედეს” ლიდერები აქციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს შეუსრულებელი დანაპირების გამო დისკომფორტს მუდმივად შეუქმნიან.