მიხარია, რომ ჩვენი ოპოზიციონერები ასე ყოჩაღად დგანან. სალი კლდე პოზიცია დავიჭირეთ- გუბაზ სანიკიძე

„ხელისუფლებას უნდა, რომ ძველი სიმღერა იმღეროს – თურმე ოპოზიციას ქვეყნის დაქცევა უნდა, ტერორისტები ვართ ჩვენ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

„მათ (ხელისუფლებამ) რევოლუციის მნიშვნელობაც არ იციან. არავითარი რევოლუცია არ იქნება, აქ იქნება ნერვების ბრძოლა. ჩემი ღრმა რწმენით ახლა პოლიტიკური ინიციატივა აიღო ოპოზიციამ ხელში, თავისი უპრინციპულესი პოზიციით. მიხარია, რომ ჩვენი ოპოზიციონერები ასე ყოჩაღად დგანან. სალი კლდე პოზიცია დავიჭირეთ “,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

კითხვაზე, რა გეგმები აქვს ოპოზიციას სამომავლოდ, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ დღეს ყველა კითხვას პასუხი ვერ გაეცემა, რადგან ოპოზიცია მოქმედებს სიტუაციის შესაბამისად. შესაძლოა, ოპოზიციას დღეს რაღაც გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, თუმცა ის რამდენიმე თვის შემდეგ დაკორექტირდეს.

„დღეს შეიძლება ისეთი კითხვები გაჩნდეს, რომელსაც დღესვე პასუხები არ ჰქონდეს. მაგრამ შეიძლება პასუხები ახალი წლის მერე გაჩნდეს“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ინფორმაციისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა, ისინი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.