„ალიას“ უფოლოგი ერეკლე შონია ესაუბრება, დეკემბრის 20-21 რიცხვებში მოსალოდნელ პიკზე და შედეგებზე:
– 20-21 დეკემბერს ველოდებით პიკს და როგორც უკვე ბრძანეთ, ეს არ იქნება აპოკალიფსი, საქართველოს მთები შეირყევა, მაგრამ არ დაინგრევა. თუმცა, ველოდებით აპოკალიფსური მოვლენების პიკს, რა შეიძლება ეს იყოს?
– დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენი სამყაროს სხვადასხვა უბანზე მოქმედებს სხვადასხვა გამოსხივება, სხვადასხვა ვიბრაცია და ხშირ შემთხვევაში, ეს გამოსხივება და ვიბრაცია, მოქმედებს მოუმზადებელ ბიოსისტემაზე. ამ პერიოდში იცვლება დედამიწის ვიბრაციები, დედამიწის მაგნიტური ველი. ასეთი დიდი ცვლილებების პერიოდის დროს იწყება მიწისძვრები, წყალდიდობები, კატასტროფები, რევოლუციები, ომები, ეპიდემიები. არსებობს მოსაზრება, რომ ეპიდემიების დაწყება, ემთხვევა სხვადასხვა თარიღს, მსოფლიო ომების პერიოდებს, მაგალითად. მსგავსი კატაკლიზმები ხდებოდა, მეორე მსოფლიო ომის წინაც! ბიოსფეროს წარმომადგენლები, დაწყებული ბაქტერიებიდან და ვირუსებით, დამთავრებული ადამიანით, ამ დროს დედამიწის აღგზნებას გრძნობს, მის ზეგავლენას განიცდის და ერთ-ერთი თეორიიით, ვირუსების აგრესიულ ფორმაში გადაყვანას ზუსტად, აი, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება, დედამიწის აღგზნება იწვევს. ვირუსების აქტივიზაცია არის ჩვენი ორგანიზმისთვის, გარემოს მიმდინარე ცვლილებების ადაპტაციის საშუალება. გარკვეული აცრასავითაა. სამყაროს პრინციპია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ათასწლეულების მანძილზე, ვირუსებს, ბაქტერიებს, დაავადებებს, ერთმანეთს გადავცემთ, სავაჭრო გზებით, ომებით და ა.შ. და ჩვენ გამოგვიმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი.
– როდემდე გასტანს ცვლილებებისთვის მზადება? 22 დეკემბრიდან ახალი ერა და ახალი ფურცელი იწყება?
-ცვლილებებისთვის მზადება, უკვე დაწყებულია, 2018 წლიდან აქტიურ ფაზაშია საქართველოში, 21 რიცხვს ასახელებენ, როგორც პიკს, აი, ამ დაძაბულობის. რამდენიმე სცენარი ჩამოვთვალეთ ზემოთ და არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე ერთი სცენარით განვითარდეს, თუნდაც, ის რაც ახლა ხდება მსოფლიოში, ამ მასშტაბის პრობლემა, არასოდეს ყოფილა. ესეც უკვე საკმარისია, იმ სირთულეებისთვის, რასაც ველოდებით 20-21-თვის, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ სხვა სცენარი გათამაშდეს და ეს სხვა სცენარი იყოს არეულობა, ომი, რევოლუცია, ან ბუნებრივი კატაკლიზმები. დედამიწის ვიბრაციების შკალა ჯერ იმატებს, არ იკლებს! იმატებს შიში მთელ მსოფლიოში, იმატებს ფსიქოზები და ნევროზები, იმატებს ბუნებრივი კატაკლიზმები, საზოგადოებრივი აღგზნებები, რევოლუციები, არეულობები – ანუ, ის, რომ 21-დან პირდაპირ დამშვიდება დაიწყოს, შეიძლება ასე არ მოხდეს. ეს გადამსვლელი პერიოდი შეიძლება გაგრძელეს 2025 წლამდე, ზოგჯერ რამდენიმე წელი სჭირდება ამის დამშვიდებას. ჩვენ რა სირთულეებიც გამოვიარეთ 90-იან წლებში, ეს იყო ჩვენთვის აპოკალიფსურის მაგვარი, შესამზადებელი, აქედან გამოძრომა ვისწავლეთ და შედარებით გავძლიერდით. ახლა კი, ცოტა სხვა ინფორმაციები მოდის, სხვადასხვა წყაროდან, ახლა ეს უკვე პირადად ჩვენი პრობლემა კი არ არის, მსოფლიო შედის სიგიჟეში. მთელ მსოფლიოში არის დაძაბულობა, გამოსვლები, მიტინგები, ცემა-ტყეპა და ა.შ. ადამიანი როცა აღგზნებას გრძნობს, იწყებს არაადეკვატურ ქმედებებს, ეძლევა შასი, ან ახალი რაღაცა შექმნას, ან გაანადგუროს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ იმართება ამ დროს, ვინ მართავს და რა ღირებულებებით. თუ სწორადაა პროცესები წარმართული და საზოგადოება მშვიდადაა, შედარებით ნაკლები, პრობლემებით ხვდება მაშინ ცვლილებებს.
– ჩვენი მკითხველების ნაწილი, ვიცი, ახლა კითხულობს და ფიქრობს, როგორ დავმშვიდდე, როცა მშია, მწყურია, ვნერვიულობ?
– უნდა მივხვდეთ, რომ სირთულეები, უმუშევრობა და სხვა პრობლემები, არის გარკვეული მოცემულობა, რომელშიც ჩვენი თავი უნდა ვიპოვნოთ, თავი უნდა გადავირჩინოთ. ხელების ჩამოშვება, აპათიაში ყოფნა, სისუსტე არ შეიძლება. მეტად სიცოცხლისუნარიანები უნდა გავხდეთ, მეტად კარგი ხასიათის მქონენი… ადამიანი უნდა ესწრაფოდეს გონებრივ ზრდას, ანუ, ჩვენ უნდა გავხდეთ მოაზროვნეები, მერე იმ ზღვა ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდის მედია თუ მთავრობა, გავცხრილავთ! დღეს ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას. ბოლო წლების მანძილზე, ანალიტიკოსები და მეცნიერები აღარ სჭირდებოდათ! მთელი მსოფლიო გადართული იყო სამომხმარებლო საკითხებზე, აიფონის ახალი მოდელზე, მაგალითად! რეფლექსზეა დღე მსოფლიო აწყობილი, დაანახე რაღაცა და მას უკვე უნდა ეს რაღაცა რომ შეიძინოს. კაცობრიობა გადაეჩვია ფიქრს. გადაერთნენ წარმატებული ხალხის ცხოვრებაზე, ბევრ ფულზე… მეცნიერებაში ფულს არავინ დებდა… ყველაფერი ისე მიდის, რომ არავინ იაზროვნოს და მზამზარეული სახით მიწოდებული აიღოს. როცა სამყარო მშვიდადაა, ინერციით, სისტემა მაინც მუშაობს, მაგრამ როგორც კი მოდის გარდაქმნების პერიოდი, თუ არ დაიწყე აზროვნება, ეს სისტემა ინგრევა, გენგრევა გარანტირებული სამსახური, გარანტირებული ხელფასი, ცხოვრება, ჯანრთელობა…
– ტრადიციები? ტრადიციებს თუ აქვს როლი ჩვენ მომავალში? ბოლო დროს, ბევრი რამ, რასაც საუკუნეების მანძილზე ვაკეთებდით, თითქოს დავიწყებას ეძლევა…
– გადარჩება ის საზოგადოება, ის ადამიანები, რომლებსაც ადამიანური მოდელი აქვთ ცხოვრების. თუ რობოტივით ცხოვრობ, შეიძლება ვერ გადარჩე, მაგრამ თუ ცხოვრობ ადამიანური მოდელით, მარადიული თემატიკით, სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობითი ნორმები – გადარჩები. ეს არის ათასწლეულების გამოცდილი და დაგროვილი სიბრძნე, ეს არის თვითგადარჩენის მექანიზმი. ეს ტრადიციები, გამონათქვამები, როგორც ფარი, ისეა. ნევროზი მაშინ იბადება, როცა გათითოკაცება ხდება ადამიანების და როცა ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უნაწილებენ ემოციებს. ჩვენ ტრადიციაში გვქონდა სუფრის კულტურა, სადაც ერთმანეთს ვეურთიერთობოდით, კონფლიქტებს ვაგვარებდით, ვმღეროდით და ამ სიმღერით ერთმანეთს და გარემოს ვწმენდდით. ახლა როცა ჩვენი აზროვნება დაიქსასქა და ურთიერთობის ტრადიციები დავკარგეთ, უარყოფითი მუხტები ჩვენში თავისუფლად ტრიალებს და ჩვენ ნგრევას იწყებს. როცა ადამიანები ჩემთან მოდიან გასასინჯად, ვხედავ, რამხელა უარყოფით მუხტს ატარებენ, ეს უარყოფითი მუხტი ზოგჯერ იქ რჩება, სადაც იჯდა. ამის განსამუხტად მერე სხვადასხვა ღონისძიებებს ვატარებ, მოქმედებს ლოცვა, სიმღერა, ან საკმევლის დანთება. სიმღერა, მისი ვიბრაციები, პიროვნებასაც წმენს და გარემოსაც. ჩვენი წინაპრები იყვნენ უბრძენესი ხალხი, სიმღერას იყენებდნენ ჭირის, ომის, ბატონების მკურნალობის დროს. სვანური ზარი, მაგალითად, სულებს აძლევს საშუალებას ადრესატამდე მიაღწიოს. ჩვენ ძალიან დიდი კულტურის მატარებლები ვართ, ამ ყველაფერს სჭირდება შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება.
– ალბათ, ისევ გენში ჩაბუდებული სიბრძნე თუ გვშველის, თორემ, ახალი არ იქმნება, ძველი დავიწყებას მივეცით და როგორ გაგვაქვს საერთოდ თავი?
– აი, ეს კითხვა ზუსტად ასე ჩაწერეთ, თქვენივე კითხვაში ბევრი პასუხია… ამას არამარტო კოდურად, ინტუიციურადაც ვაკეთებთ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, თუ ელინებს ლოგიკური მახასიათებელი აქვთ ცოდნის შესაცნობად, ქართველებს ასამყაროდან ცოდნის მიღების წინასწარმეტყველური, ინტუიციური უნარი აქვთო. თუ კიდევ ვმღერით, ვეფერებით ერთმანეთს და გვიყვარს, ამ ყველაფერს ვაკეთებთ ინერციით. აღზრდა, სწავლება სჭირდება ბაღიდან მოყოლებული, რათა ის ცოდნა, რაც ინტუიციურად გვაქვს, ჭკუით გამოვიყენოთ. ქართველობა არის ცხოვრების მოდელი, ურთიერთობის მოდელი საკუთარ თავთან, ერთმანეთთან, ღმერთთან. ქართული ზღაპრები არის უმკაცრესი, ამ ზღაპრებში, გარდა ადამიანებთან, სახელმწიფოსთან ურთიერთობისა, აღწერილია, ბუნების ძალებთან ურთიერთობა, იმიტომაც ვიყავით მაშინ ბუნების ძალებთან ასე ახლოს… ქართული ზღაპრები ჩვენი შვილებისთვის იყო შემზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ძველ ზღაპრებზე უარი ვთქვით, დავცინეთ, იყო ასეთი განათლების მინისტრი, ვინც დასცინოდა, ახალი არ შევქმენით, ახალს ვინც ქმნის, იმას გასაქანს არ ვაძლევთ. მალხაზ ჯიქურაული, მაგალითად, 100-ზე მეტი ზღაპარი აქვს დაწერილი, მივიდა ანიმაციურ სტუდიებში და თუ დაწერ პოლიტიკურ თემაზე, კი ბატონო, თუ არადა, არ გვაინტერესებსო. ამ ქვეყანაში, პოლიტიკის გარდა, არაფერი აინტერესებს ხალხს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ჩვენი ბავშვები იზრდებიან უცხო ქვეყნების ანიმაციურ ფილმებზე.
– ანიმაციურ ფილმებთან ერთად, უხვად შემოდის უცხოური სიტყვებიც, რომლებიც ანაცვლებენ ქართულ სიტყვებს, არადა, სიტყვასაც დიდი ძალა აქვს.
– კი, ბატონო, მთავრობის წევრი, თუ ჟურნალისტი, ცდილობს დაამკვიდროს უცხო სიტყვები, ჰგონია, რომ ჭკვიანი ჩანს ასე და ამ დროს ჩვენი ერის გადარჩენის მექანიზმი ჩვენი ენაა. ერის გადარჩენის ფარი, დარტყმების ამრიდი – არის კომპლექსი, ტრადიციიდან დაწყებული, მედიცინით დამთავრებული. მთავარია, ვიცოდეთ, – ვის ვზრდით? ადამიანს, რომელიც ტრამპლინად გამოიყენებს საქართველოს და მერე წავა სხვა ქვეყანაში, რომ იმას შეუქმნას მომავალი, თუ ვზრდით ადამიანის, რომელიც ამ ეთნოსს, ამ მიწას, ამ საზოგადოებას მოახმარს თავის ნიჭს და ცოდნას. ამდენი წელია თავისუფლება გვაქვს მოპოვებული და დავდივართ, მაგრამ ერის ძირითად აზრზე ვერ ჩამოვყალიბდით. ჩვენ ბოლო პერიოდში გვეშინია სიტყვების – ეროვნული იდეოლოგია, გავურბივართ ამ სიტყვებას, არადა, რომ გვეცოდინება, ვინ ვართ, საით მივდივართ, მერე უკვე ყველა თავს მოვარგებთ ამ იდეის გარშემო და იქნება აწყობილი. ახლა რომ ძლიერად ვყოფილიყავით, რომ გვყავდეს, ეროვნული ნორმალური მთავრობა და ოპოზიცია, რომ გვყავდეს ავტორიტეტული პიროვნებები მეცნიერებაში, მაგალითად, ამ პერიოდს შევხვდებოდით არათუ შიშით, არამედ, პირიქით, სამკურნალო ტურიზმს მოვაწყობდით, მთელი მსოფლიოდან ჩამოვიყვანდით ხალხს აქ სამკურნალოდ. ფულსაც გავაკეთებდით და ფუნქციასაც დავიბრუნებდით. ჯერჯერობით ჩვენ ვართ მოჩანჩალე, სხვებს აყოლილი ერი, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული და თავად ვერ აზროვნებს.
თამო კეშელავა, ალია