“საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა გამორიცხავს, რომ ბიძინა ესებუას ძმასთან რაიმე კონტაქტი ჰქონოდა და ოჯახში ამის შესახებ არ ეთქვა.
როგორც “ტვ პირველთან” საუბარში ბრალდებულის მამა ამბობს, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ ბიძინა ესებუას საბრძოლო მასალა ჰქონოდა თან.
“ბიძინას საბრძოლო მასალა საიდან ექნებოდა? რაში ჭირდებოდა? მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა… ამისთვის ეცალა? ძმასთან 25 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონია რაიმე კონტაქტი და რომც ჰქონოდა აუცილებლად მეტყოდა.
ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია… რომ ენახა ბიძინას, მეტყოდა, აქ არის ნუ გეშინიაო. ჩვენს ოჯახს მასთან კონტაქტი არ აქვს” – ამბობს ტარიელ ესებუა.
ის ასევე ზუგდიდში მომხდარ ხმაურიან თავდასხმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებში ნანახი პირი მის შვილს არ ჰგავს.
“მსგავსებას ვერ ვხედავ, თვალები ჩემს შვილს უფრო წვრილი აქვს. სიმაღლეშიც არ ემთხვევიან. ჩემი შვილი უფრო დაბალია. ვერაფრით ვამსგავსებ ბადრის. რაც შეეხება ხმას, არც ეს ემთხვევა. ვფიქრობ ის ჩემი შვილი არ არის” – ამბობს ტარიელ ესებუა.
მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის მეორე დღეს მისი შვილი სახლში მივიდა და ღამეც გაათენა, დილით კი ზუგდიდის ცენტრში, დეიდასთან მივიდა. ბრალდებულის მამის განცხადებით, ეს მტკიცებულებაა იმისთვის, რომ მისი შვილი დანაშაულთან კავშირში არ არის.
“ამის გამკეთებელი ზუგდიდში გაჩერდებოდა. არ ვიცი რატომ არ ჩნდება ახლა. რაღაცის ეშინია ალბათ, რისი ეშინი არ ვიცი.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.