“რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში” – გია ვოლსკი

რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმურა ოპოზიციის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე ახალი კანონპროექტის შემუშავებას.

მისი თქმით, ოპოზიციამ თავადაც კარგად იცის, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საარჩევნო მოდელები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

“თავადაც კარგად იციან, რომ ეს მოდელი ვერანაირად ვერ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. თანაც რაოდენობრივად ბევრნი იკრიბებიან და მოსაზრებას, რომ თითქოს მთავრობას ხისტი პოზიცია აქვს, თავს ახვევენ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა უკანონო აქციისას იყენებენ. მათ შორის მცოდნე ადამიანები არიან, რომლებმაც გამორიცხულია, რომ არ იცოდნენ ამ მოდელების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შესახებ. მე მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანს რევოლუციური მოდელი აქვს გეგმაში და დანარჩენები სატელიტური დამანამატები არიან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბრძოლაში,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე, გამოეხმაურა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და საპროტესტო აქციებს. მისი თქმით, ცალკეული შემთხვევები იყო, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არის.

“სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არის. ცალკეული შემთხვევები იყო. ეს თემა და გაღიზიანება სპეციალურად არის გამოწვეული, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგშია. ეს ლიტონი სიტყვა არ არის. ანალიზი რომ გააკეთოთ, საკმაოდ აშკარაა, რომ სამოქალაქო დაპირისპირების თემა ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც შეიძლება ე.წ. წარმატება მოუტანოს ამ მავნებლურ ჯგუფს. სამწუხაროა, რომ ამისთვის იყენებენ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც ჩემი აზრით, უნდა უერთდებოდნენ თუნდაც “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ მოძრაობას, რომლებიც ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას აღნიშნავენ,” – განაცხადა ვოლსკიმ.