კანონპროექტი, ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, დღევანდელ ბიუროზე დარეგისტრირდება

ის პარტიები, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლის ნებას არ ასრულებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, რეგისტრაციის შესაძლებლობას და დაფინანსებას ვერ მიიღებენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც დღევანდელ ბიუროზე დარეგისტრირდება, სწორედ ეს კანონპროექტია.

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გაძლიერების მცდელობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მსგავსი შეზღუდვები ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ვრცელდება.

“ევროპაში არ არის ქვეყანა, რომელიც დაფინანსებისთვის პარლამენტში მუშაობას მოითხოვდეს, მაგალითად გერმანიაში პარლამენტში შედის 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტია, მაგრამ დაფინანსება ეძლევა ყველას, ვინც 1%-იანი ბარიერი მაინც გადალახა. როდესაც, საქართველოში ხელისუფლება დაფინანსების შეწყვეტის მუქარით გამოდის, უნდა ახსოვდეთ რომ ეს ფული მათი არ არის, ეს არის ხალხის და ისინი ინახავენ მათ,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არადემოკრატიულია.

“პარტიების დაფინანსების საკითხი არის პასუხი, რომ დაისაჯონ პარტიები, რომლებიც უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე. თუმცა, საჭიროა ყველას კარგად ესმოდეს რატომ აცხადებენ ეს პარტიები უარს და ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არადემოკრატიულია,” -აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიგი წერეთელი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კანონპროექტის ამოქმედებას ყველაზე მართებულად მიიჩნევს უმრავლესობა.

“პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც საჭიროებს ქართველი საზოგადოების ნაცვლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევას, ბუნებრივია, რომ ის არ იმსახურებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამ დროს, იცვლება დაფინანსების წესიც და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებს, მას დაფინანსებაც არ ეკუთვნის,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

 

“რუსთავი2”