დმანისში მოკლული 29 წლის მამაკაცის ოჯახი ხელისუფლებას სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ დაკავებული ერთი პირის გარდა საქმეში სხვებიც ფიგურირებენ.
მოკლული გელა ოსიბაშვილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა და ვარაუდობს, რომ ნამდვილ მკვლელებს მაღალჩინოსნები მფარველობენ. ოჯახი ხელს მოკლულის მეგობარს ადებს და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობენ იმ ვერსიაზე, რომ სავარაუდოდ, მკვლელობაში მონაწილე პირებს ვიღაც მფარველობს და რეალური დამნაშავეების მაგივრად ცდილობენ 85 წლის მამაკაცს შეაწმინდონ ხელი.
გარდაცვლილის მეუღლის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა, რადგანაც ცხედრის ექპერტიზის ბიუროში გადასვენებიდან 3 საათის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო. ოჯახი კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.
“გასროლა როგორც კი მოხდა, მანქანაში ჩასვა და შემდეგ ფანჩატურის მხარეს, ბოსლებში დახვდა სასწრაფოს და იქიდან გადაიყვანეს უკვე სასწრაფო დახმარების მანქანით. ასე ხელს ვერავის ვერ დავადებ.
მე მაინტერესებს ექსპერტიზის პასუხები, კერძო ექსპერტიზა გვინდა, რომ დავიქირავოთ იმიტომ, რომ არ ვენდობით ჩატარებულ ექსპერტიზას. სოფელში ისმის ხმები, რომ რაღაც მფარველობა მიდის და უნდათ, რომ 85 წლის კაცს შეაწმინდონ ხელები.
როდესაც გადაიყვანეს რუსთავის ექსპერტიზაში, როცა შეეძლოთ თბილისში გადაეყვანათ. ექსპერტიზაში, რომ მიიყვანეს გვითხრეს, რომ სულ ცოტა 4-5 საათი მაინც უნდაო ექსპერტიზას. რომ მიიყვანეს 3 საათის განმავლობაში სინათლე იყო გამორთული, ესეც უკვე ჩვენთვის საეჭვოა. გავიგე, რომ ჰყავთ მფარველებიო. დაზუსტებული ინფორმაცია არ ვიცი,” – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ, ლინდა ზარანდიამ.
გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის ახლობლები გამოძიების ვერსიას არ ენდეობიან, რადგანაც ბევრი დეტალი ერთმანეთს არ შეესაბამება. გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ახლო მეგობარზე საუბრობს, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო გარდაცვლილის სამძიმარზეც არ მოსულა.
“ვერსია ჩვენი, როგორც ასეთი კონკრეტული არ გვაქვს, მაგრამ რა ვერსიაც არის, ის ვერსია გვაქვს ეჭვქვეშ დაყენებული იმიტომ, რომ ბევრი რამე არ შეესაბამება ერთმანეთს, რაღაც დაფარულს ჰგავს. სავარაუდოდ ვიცით ჩვენი არხებით, რომ მაღალჩინოსნები მფარველობენ. კონკრეტულად ვინ, არ ვიცით. შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ ვასახელებთ.
ამ ამბის მერე, ეს ბიჭი, განუყრელი ძმაკაცები იყვნენ, არც სამძიმარზე, არსად მოსულა საერთოდ, იმ მოტივით და გადმოცემით, რომ მას არ შეუძლია, როგორც მისმა ძმამ აგვიხსნა, მიცვალებულის ნახვა,” – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი, გიორგი ქოჩორაშვილი.