ოცნებას მოეწონა ხალხის სახლში გამოკეტვა და უმუშევრად დატოვება, ამას სათავისოდ იყენებს – ჭიჭინაძე

“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე მინისტრთა კაბინეტის დანიშნვასა და უწყებებში იგივე კანდიდატების ყოფნას გამოეხმაურა და ქვეყანაში “ოცნების” მმართველობის რვაწლიან პერიოდზე ისაუბრა. მისივე აზრით, ყველა დაპირება ყალბია, რაც გაჭირვების დროს ივანიშვილს ხალხისთვის უნდა გაეღო:

“აი, თურმე ასეთი ყოფილა ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან დანახული „საოცნებო“ საქართველო.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, „ოცნების“ მთავრობის დათვლით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 320 ლარია. ერთმა ადამიანმა დღეში 80 ცენტზე ნაკლები უნდა იმყოფინოს.

რაც ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნებისთვისაც კი კატასტროფული მაჩვენებელია!

და ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნებას“ აშკარად „მოეწონა“ ხალხის სახლში გამოკეტვა და უმუშევრად დატოვება. რასაც გადასარევად იყენებენ კიდეც სათავისოდ და პოლიტიკურ დატვირთვასაც ანიჭებენ. ამიტომ არ აქვს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა ახალი-ძველი მთავრობის დამტკიცებას, რადგან:

მათ ორ თვეში რა იქნება ქვეყანაში ის არ იციან, არათუ მათი მითები 2024 წელზე;

იგივე მინისტრების დატოვება, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის გარდა მათ არავინ ნიშნავს;

იგივე შემადგენლობა იმიტომ დატოვა, რომ „ოცნებას“ ქვეყანაში რამის გამოსწორების აღარც რესურსი გააჩნია და აღარც სურვილი;

და მთავარი!

რომ შეგვპირდნენ დიდი ზარზეიმით, „ქართუ ფონდი“ პანდემიის დროს ყველა დანაკარგს დააფინანსებსო, დაივიწყეს? თუ ესეც მორიგი სიყალბე იყო?” – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

 

“რეზონანსი”