ივანიშვილის ვიდეოს რიმეიქი: რის გაკეთებას “ჰპირდება” ჯაფარიძე მხარდამჭერებს ერთ წელში

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეოს რიმეიქს აქვეყნებს.

ივანიშვილი ვიდეოში ერთ წელში ამომრჩეველს ცვლილებებს ჰპირდებოდა, “იმავეს” ჰპირდება ჯაფარიძე თავის ამომრჩეველსაც. ვიდეოს ნაწილში ისმის ბიძინა ივანიშვილის ხმა, რასაც ჯაფარიძეც იმეორებს, ნაწილში კი ის თავად მიმართავს ამომრჩეველს.

“მინდა მივმართო ჩემს ხალხს. მინდა მივმართო იმ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენ წინაშე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია. მინდა გითხრათ, რომ მე კარგად მესმის თქვენი. მესმის თქვენი გულისტკივილის და იმედგაცრუების. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ გირჩის განვითარება შეუქცევადი გახდეს. მთავარია, ახლა წინა მმართველობაზე გაბრაზებულებმა მათი დასჯის სურვილით საკუთარი მომავალი და გირჩი არ დავსაჯოთ და წყალში არ გადავყაროთ ყველაფერი, რაშიც სიცოცხლე ჩავდეთ 2016 წლიდან. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე, ახალი გირჩის შექმნას”, — ამბობს ჯაფარიძე ვიდეოში.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ვიდეო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა და გრიგოლ ვაშაძესთან ერთად მეორე ტურში გადავიდა.

მოგვიანებით, TV პირველის ეთერში, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ვიდეო ხუმრობა იყო.

“ხუმრობა იყო, რიმეიქი იყო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, თუ გახსოვთ, ბიძინა რომ გამოვიდა და დაანონსა, 1 წელიწადში გავასწორებ მენეჯმენტის ხარვეზებსო, მაგაზე გავაკეთე რიმეიქი, რომ გირჩში პრობლემები რაც არის, მე ვარ პასუხისმგებელი. ხუმრობა იყო უწყინარი”, — განმარტა ჯაფარიძემ.