სატელევიზიო არხის „მთავარი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო არის საქართველოს მოძულე და ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტი. მის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს პოლიტიკოსებმაც – ძირითადად ენმ-ს წარმომადგენლებმა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მაქსიმ შევჩენკო არის საქართველოზე და ქართველ ხალხზე შეყვარებული კაცი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან კარგად იცის საქართველოს ისტორია, პატივს სცემს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. შევჩენკო მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას, განხორციელებულს საქართველოს მიმართ და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკა არის გაუაზრებელი და არათანმიმდევრული. რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულ ურთუერთობებზე პასუხისმგენლობას მაქსიმ შევჩენკო აკისრებს პირველ რიგში რუსულ მხარეს და არა საქართველოს.
გარდა ამისა, მაქსიმ შევჩენკო არის ვლადიმერ პუტინისადმი ერთ-ერთი ყველაზე დაპირისპირებული პოლიტიკოსიცა და ჟურნალისტიც, მემარცხენე, მარქსისტული პოზიციებიდან უმკაცრესად აკრიტიკებს რა რუსეთის ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას.
შევჩენკო არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე პოლულარული ბლოგერი, რომელსაც მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს იუტუბ-არხზე და, ამასთან, ის ხელმძღვანელობს ოპოზიციურ, კომუნისტურ ფრაქციას ვლადიმირის სამხარეო საკანონმდებლო ორგანოში.
მე მას შევხვდი შარშან, ქ. ორიოლში, ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც იყო ორგანიზებული რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ. აგრეთვე სატელეფონო საუბარი მქონდა დაახლოებით 1 თვის წინ.
მოვუწოდებ „მითების დტექტორს“ და პირადად ქ-ნ კინწურაშვილს, დაინტერესდეს ტელეკომპანია „მთავარი“-სა და ენმ-ს ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რამეთუ ეს დეზინფორმაცია შეეხება თვით რუსეთში მოქმედ საქართველოს გულშემატკივარსა და რუსეთ-საქართველოს მეგობრობის აღდგენის მეტად პოპულარულ და ეფექტურ პროპაგანდისტს.
ისეთი მეგობრები, როგორიც მაქსიმ შევჩენკოა, კი არ უნდა დავკარგოთ, არამედ კარები ფართოდ გავუღოთ და დავუთმოთ საქართველოს მედია-სივრცე!
როგორც ამას აკეთებს, მაგალითად მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც ის მიღებულ იქნა უმაღლეს ოფიციალურ დონეზე და საიდანაც ის სტუმრად შემოვიდა საქართველოში სტალინის დაბადების მორიგ წლისთავთან დაკავშირებით.
22 დეკემბერი, 2020 წელი
თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი (პირადად იცნობს მაქსიმ შევჩენკოს, რუს კომუნისტებთან დაახლოებულ ბლოგერსა და პოლიტიკოსს, რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ ერთ-ერთ ლიდერს)