აშშ-ის კონგრესმა ეკონომიკის სტიმულირების $900-მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა

შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა 2021 წლის ფინანსური წლის (დაიწყო პირველ ოქტომბერს) ბიუჯეტის პროექტი. ასევე, ეკონომიკის სტიმულირების 900-მილიარდიანი პაკეტი.

მანამდე კანონპროექტი დაამტკიცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.

დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნა მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ხელს მოაწერს დოკუმენტს, როგორც კი მის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება.

რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ, კვირას კონგრესის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს ეკონომიკის სტიმულირების 900-მილიარდიანი პაკეტის შესახებ.

მანამდე კონგრესის ორივე პალატამ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის ორი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა.

ახალი ფინანსური პაკეტით, უმუშევრობის კომპენსაციის სახით მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია დამატებით ყოველკვირეული 300 დოლარის გადახდა. ასევე 600 დოლარის ოდენობის პირდაპირი ფულადი დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის.

ფინანსური პაკეტი მოიცავს ფულად დახმარებებს ბიზნესის, სკოლებისა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის. ასევე მოიჯარეებისთვის, რომლებიც ქირის გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან.

325 მილიარდი გამოიყოფა მცირე ბიზნესის დასახმარებლად, 15 მილიარდი დოლარი კი ავიაკომპანიების სუბსიდირებისთვის.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 69 მილიარდი დოლარი გამოიყო COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილებისთვის, მოსახლეობის კორონავირუსის ტესტირებისა და ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების მოძიებისთვის.

ამ დროისთვის, ფედერალურმა მთავრობამ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის 6 ტრილიონზე მეტი დოლარი გამოყო.

წყარო: report.ge