მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში

მექსიკელი ექთანი, 59 წლის მარია ირენე რამირეზი, პირველი მოქალაქე გახდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მექსიკაში ხუთშაბათს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 3 000 დოზა ჩაიტანეს. ქვეყანას, საერთო ჯამში, ვაქცინის 34 მილიონი დოზა აქვს შესყიდული.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია ჩილესა და კოსტა-რიკაშიც დაიწყო. ჩილეს Pfizer-BioNtech-ის ვაქცინის 10 მილიონი დოზა აქვს შეძენილი და ქვეყანაში გუშინ ვაქცინის პირველი პარტია – 10 000 დოზა – ჩაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს არგენტინაც, სადაც რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის 300 000 დოზა ჩავიდა.

რაც შეეხება ბრაზილიას, ქვეყანაში ჯერჯერობით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებიათ.

 

“ინტერპრესნიუსი”