რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური შენობიდან მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა.

ფული სავალუტო-საფინანსო დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტ-ექსპერტის, ნატალია აგალცოვას კაბინეტიდან გაქრა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 19 დეკემბერს, როდესაც აგალცოვას თანხა ბანკში უნდა მიეტანა. 20 დღით ადრე აგალცოვამ ირანში რუსეთის საელჩოსგან 1,5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც საკონსულო მომსახურების საფასურს წარმოადგენდა. საელჩო საბანკო გზავნილით ფულს ამერიკული სანქციების გამო ვერ აგზავნიდა, ამიტომ ის რუსეთში დიპლომატიური ფოსტით გაგზავნეს. ტელეკომპანია RENTV-ის ცნობით, მსგავსი პრაქტიკა არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

2019 წლის 19 დეკემბერს აგალცოვამ უფროსს განუცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და სამსახურში დააგვიანდებოდა. მისი კაბინეტი გახსნეს და დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინეს, რევიზიამ 1,066 მილიონი დოლარის დანაკლისი დაადგინა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე გამოჩნდა, რომ წინა დღეს აგალცოვა კაბინეტიდან ორი დიდი ჩანთით გავიდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედება. გაუჩინარებული ფული ამ დრომდე ნაპოვნი არაა, თუმცა სიცრუის დეტექტორზე ჩატარებულმა დაკითხვამ აჩვენა, რომ აგალცოვამ ფულის ადგილმდებარეობა იცის.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებაშიც ადასტურებენ. საქმეზე გამოძიება დასრულებულია. სასამართლოში საქმის განხილვა 30 დეკემბერს დაიწყება.

წყარო