მილიონერების ახირება: 15 მლნ. დოლარის ღირებულების ნაძვის ხე

ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელას მახლობლად, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, დადგეს ნაძვის ხე, რომელიც 15 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულებით არის მორთული, – იუწყება CNN-ი.

ნაძვის ხის ტოტებზე შეგიძლიათ იხილოთ თეთრი, ვარდისფერი და შავი ბრილიანტები, ასევე სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაულები წამყვანი ბრენდებისგან და ცალკეული დიზაინერებისაგანაც.

ამ ნაძვის ხის დიზაინი შეიმუშავა ბრიტანელმა მოდის დიზაინერმა დებბი უინგემმა, იგი ცნობილი გახდა დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტებით გაწყობილი კაბის შექმნით, რომლის ღირებულებამაც 17,7 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ეს არ არის პირველი ძვირადღირებული ნაძვის ხე მსოფლიოს ისტორიაში. მაგალითად 2010 წელს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროს ამშვენებდა 11 მილიონ დოლარად შეფასებული ნაძვის ხე, ოქროს სამაჯურებით, ყელსაბამებით და უძვირფასესი ბრილიანტებით გაწყობილი საათებით, ხოლო 2016 წელს იაპონელმა იუველირებმა შემქმნეს ნაძვის ხე მთლიანი ოქროს მავთულისაგან, რომლის ფასმა 2,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ასე უდარდელად ცხოვრობენ ახირებული მულტიმილიონერები, მილიარდერები, მაშინ, როდესაც უზარმაზარი პრობლემები დაგროვდა იმავე ესპანეთში და მთელ ევროპაში. ფულის ფლანგვა და კიჩი ვერ უშველის დეკადენტურ საზოგადოებას, რომელიც გადაშენებისთვის არის განწირული.