სვანეთში, დაბა მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში პოლიციამ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა გამოავლინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა იმდენ ელექტროენერგიას, რამდენიც 4-5 სოფელს სჭირდება. ამ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, 2020 წელს, მესტიაში კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რისი მიზეზიც ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტებია, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იტაცებენ.
„მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი. ხშირად ხდება ავარიები. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ მწყობრიდან გამოსული ქსელი დროულად შეაკეთონ, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას, კვლავ მწყობრიდან გამოჰყავს. ამასთან, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს ადგილზე არ აქვთ უსაფრთხოდ გადაადგილებისა და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება“ – აღნიშნეს კომპანიაში.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ შესაბამის ორგანოებს სთხოვს, კვლავ გაგრძელდეს ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოვლენა.
„ბანგურიანის“ ფინანსურმა მენეჯერმა ლევან ჯოჯუამ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ კრიპტოვალუტის ქარხანა სასტუმროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე არ აღმოუჩენიათ. „სასტუმროს ესაზღვრება სხვა პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. ელექტროენერგიის მოპარვაც ხდებოდა არა ჩვენი მრიცხველიდან, არამედ ჩვენს მრიცხველამდე. ვგეგმავთ საპასუხო განცხადების გაკეთებას და შესაძლოა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასამართლოშიც ვუჩივლით“, – განმარტა ლევან ჯოჯუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.
დაბა მესტიაში და ზემო სვანეთის სოფლებში ელექტროენერგია თითქმის ყოველდღიურად, ზოგჯერ დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება. ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას შუქი ერთი ან ორი დღეც არ აქვს.
ელექტროენერგიის წყვეტის გამო გასულ წლებში შეფერხებით მუშაობდა საბაგიროებიც, რაც ტურისტების უკმაყოფილებას იწვევდა. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ რამდენიმე მსხვილი დამტაცებელი 2019 წელსაც გამოავლინა ხაიშის თემში.
თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ზემო სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე ფერმების მასობრივად გადატანის მიზეზი ის არის, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში კლიმატური პირობების გამო ფერმებს გაგრილება თითქმის არ სჭირდება და ელექტროენერგიაც, რასაც საკმაოდ ბევრს მოიხმარს, უფასოა. მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ელექტროენერგიის ღირებულებას არ იხდის.
მესტიის მუნიციპალიტეტში წლების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სტატისტიკა ასეთია: 2012 წელი – 37,199,070 კვტ.სთ; 2013 წელი – 39,411,787 კვტ.სთ; 2014 წელი – 44,006,849 კვტ.სთ; 2015 წელი – 47,072,131 კვტ.სთ; 2016 წელი – 53,153,799 კვტ.სთ; 2017 წელი – 59,311,54 კვტ.სთ; 2018 წელი – 64,832,376 კვტ.სთ; 2019 წელი – 98,177,40 კვტ.სთ;
ეკონომიკის სამინისტრო გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ზემო სვანეთში ელექტროენერგია მოსახლეობისთვისაც ფასიანი გახდეს.
წყარო: mtisambebi.ge