მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება გრძელდება, თუმცა შეინიშნება მოქალაქეების მიმართვიანობის შემცირება, ამიტომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შესაძლებლობით, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს და ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტია.
საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაციაზე, თუმცა აღინიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს, ვინაიდან ეპიდემია საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჯერ ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეიკავონ თავი საახალწლოდ ხალხმრავალი სადღესასწაულო წვეულებების ორგანიზებისა და მათში მონაწილეობისგან და მომავალი დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე ახლობელთა ჯანმრთელობას.
ამასთან, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი, რათა საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა, ჩართოს რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტზე ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების კუთხით. აღინიშნა, რომ ამ საწოლფონდის დატვირთვის თვალსაზრისით გარკვეული შემსუბუქება შეინიშნება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც ამავდროულად იმაზე მიუთითებს, რომ არ ფიქსირდება მძიმე შემთხვევები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ხაზი გაესვა კლინიკური სასტუმროების სისტემის ეფექტურ მუშაობას, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. გარდა ამისა, ბევრ კლინიკურ სასტუმროს მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების შემდეგ, დადებითი ტენდენცია შეინიშნება 112-შიც. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორის, გიორგი არსოშვილის ცნობით, მიმართვიანობა დაახლოებით 38%-ით არის შემცირებული როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ-კონსულტაციებზე, ხოლო ასევე საშუალო დღიური მიმართვიანობა დაახლოებით 31%-ით შემცირდა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არამიზნობრივი ზარები 112-ზე, რომელთა რაოდენობა თითქმის 30%-ია. ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, 112 გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დახმარება ესაჭიროებათ.
საბჭოს სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. მათ შორის კომისია ინტენსიურად მუშაობს კრიტერიუმების დადგენაზე, პირველ რიგში რომელი ჯგუფები უნდა აიცრან. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების პარალელურად, შრომის ინსპექცია, შესაბამის საზედამხედველო უწყებებთან ერთად, აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის სავაჭრო ცენტრებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან როგორც რიგების მართვა, ისე ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა ობიექტზე მომხმარებლის დაშვებისას.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 24 საათის განმავლობაში ჯამში ზედამხედველობა განხორციელდა 670 ობიექტზე, მათ შორის საქართველოს მასშტაბით შემოწმდა 31 სავაჭრო ცენტრი, რომლებზეც გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება; ასევე ზეპირსიტყვიერად გაფრთხილდა 619 ინდივიდუალური სავაჭრო ობიექტი; დეტალურად შემოწმდა 10 ობიექტი, თუმცა მათ საქმიანობაში დარღვევები არ გამოვლენილა.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 453 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 218 724 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 196 220 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2313 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 396 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1542 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 5969 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
წყარო: report.ge