ალექსანდრ ლუკაშენკო: სკეპტიკოსი ვარ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავიკეთებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

„მე სკეპტიკოსებს მივეკუთვნები. ჯანდაცვის მინისტრს უკვე ვუთხარი, რომ ვაქცინაციას არ გავივლი“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.

28 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ექიმების დასკვნით, მან კორონავირუსით ინფიცირება გადაიტანა. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსის 181 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 358 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.