ნუთუ მართლა გჯერათ იმ ზღაპრისა, რომ “ოცნება” თუნდაც ამ საქმის ბოლომდე მიმყვანია?… – გოგი ლორთქიფანიძე

კარგია შობა-ახალწელს საკუთარ სახლში და საკუთარ ოჯახურ წრესა და გარემოში რომ შეხვდები, არა? ნამდვილად კარგია. მეც მომწონს.

ამიტომაც, წინასწარ გილოცავთ დამდეგს. დიახ, ამ უმძიმეს კოვიდ-ხანაშიც უკეთესია დახვდე მას კაცურად, სახლში, უახლოესი ადამიანების წრეში და არა… და არა, მაგალითად, დილეგში. თანაც, თუ გაუგებარია, რაზე ზიხარ. ამის წარმოსადგენად კი შორს წასვლა არ დაგვჭირდება: აგერაა, ჩვენს თვალწინ ვითარდება, ილიჩოვასა და მელაშვილის მკაფიო მაგალითი.
აი, თქვენ, კეთილო და ბედნიერო ადამიანებო და “ოცნების’ კიდევ უფრო ბედნიერო ამომრჩევლებო, დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველანი საკუთარ სახლებში დალოცავთ ერთმანეთს ღვინითა თუ შამპანურით, ნაძვის ხეს გააწყობთ და მორთავთ, იზეიმებთ ზოგი რას და ზოგი რას – მამუკა ხაზარაძისა და ლევან ბერძენიშვილის მიერ პროფანირებული “საბადან” დაწყებული და წლიური პრემიით, ბონუსით თუ ახალი სადეპუტატო მანდატით დამთავრებული (შუალედში კიდევ ბევრი რამ ეტევა), – ეგ უხსენებელი “მოღალატეები” ილიჩოვა და მელაშვილი კი იჯდებიან ციხეში ცრუ ბრალდებით და საზეიმო ბევრი არაფერი ექნებათ. ცრუ – იმიტომ რომ მათი დანაშაულის სამხილი არც ფული ჩანს და არც მოტივი, ხოლო მათი ყოფილი თუ მოქმედი უფროსები – გარეჯის და მთელი ქვეყნის ჭეშმარიტი გამყიდველები, კი არიან (და იქნებიან) სახლში თბილად და არხეინად და დილაობით არც “კარტე ნუარი” მოაკლდებათ და არც კრუასანები. მადა იცოცხლე…
ნუთუ თქვენ მართლა გჯერათ იმ ზღაპრისა, რომ “ოცნება” თუნდაც ამ საქმის ბოლომდე მიმყვანია? ან რომელიმე მსხილი ნაცმინისტრის დამსჯელი და დამტუსაღებელი? ეგ რომ შეეძლოს ან უნდოდეს – ხომ დიდი ხანია გააკეთებდა ამას და არც სიტყვა “კოჰაბიტაცია” აამყრალბდა ჩვენს პოლიტიკურ ლექსიკონს. გარეჯზე კი… გარეჯზე სტაცეს ხელი პაიკებს, წაითამაშეს წინასაარჩევნოდ ხალხის პატრიოტულ სიმებზე და მორჩა კინო. მერე ერთი-ორჯერ დაკითხეს ვიღაცეები და ცოტა შეაფუცხუნა “ნაცისტანი” კობახიძემ – პარლამენტში (და არა ციხეში) თუ არ შებრძანდებით, ამას გიზამთ, იმას გიზამთო, და ამით დამთავრდა ყველაფერი. ამ საქმესაც შემოდებენ თაროზე, არ შერცხვებათ. მეტი ამ სახელმწიფოს არ შეუძლია.
“ქოცი” და “ნაცი” სინამდვილეში ერთია, ერთიც “ნატო, ნატოო” ყვირის და მეორეც, ერთიც ყვლეფს ხალხს და მეორეც გაყვლეფს – შანსი როგორც კი მიეცემა, ერთიც კორუფციაშია ყელამდე ჩაფლული და მეორეც, უბრალოდ, ერთს დღეს მეტი ფული აქვს და თავხედურად სარგებლობს ძალაუფლების ყველა სიკეთით – ესაა და ეს. “პაიკები” კი გაიწირა დებიუტში… აგერ ნახავთ, გავა რაღაც დრო, მოვა ენდშპილის ხანა, და მთელ ამ პოლიტიკურ პანოპტიკუმში ისევ ეგ გაწირული პაიკები – მელაშვილი და ილიჩოვა – გამოჩნდებიან ერთადერთ ნათელ წერტილებად, გარეჯი კი ისევ იმის ხელში დარჩება, ვის ხელშიც დღეს არის. ისე, იცოდეთ: უდანაშაულო მსხვერპლი ბოლოს მაინც ყოველთვის ჯობნის მის მტარვალ დამჩაგვრელს ამ ბინძური პოლიტიკით გაძეძგილ სამყაროშიც კი. და ეს ერთადერთია, რაც ოპტიმიზმის არამყარ, თუმცა მაინც საფუძველს იძლევა.
ჰოდა, ერთმანეთს საახალწლოდ რომ დალოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გოზინაყის და ჩურჩხელას ჩატკბარუნებასთან ერთად, ამ საახალწლოდ და საარჩევნოდ გაწირულ პაიკებსაც ნუ დაივიწყებთ. თორემ რა იცი რა ხდება… ხომ იცით ცოდვა-მადლის ამბავი…
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე