აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ეპიდემიის მართვა. მისი თქმით, რეგიონში საკოორდინაციო საბჭოს დროულმა და ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებით, გამოიწვია ის, რომ დღეს რეგიონში არის საკმაოდ კარგი სტაბილიზაციის ნიშნები და დინამიკა, რაც არის გარანტი, რომ საბოლოო ჯამში, ვაქცინის ხელმისაწვდომობასთან ერთად, შეშაძლოა ამ გამოწვევაზე გამკლავება.
„თუმცა წინ არის საახალწლო დღეები და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ბოლომდე დაიცვან ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები და არ გვქონდეს მობილობის ზრდა, რაც ამ სტაბილიზაციის დინამიკას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნის. ასევე იცით, რომ რეგიონში, წლის განმავლობაში, როგორც კი ჩვენ დავიწყეთ პირველადი ღონისძიებების გატარება კორონავირუსთან მიმართებაში, 61 000 ზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო სივრცის რეჟიმი. შესაბამისად, მსურს ექიმებთან ერთად, მადლობა გადავუხადო პერსონალს , რომელიც ჩართული იყო ამ სივრცეების მართვაში. განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ვინც მართავდა საკარანტინო სივრცეებს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება გრძელდება, როგორც სუბსიდირების, ასევე მათი შემოსავლების ნაწილში.
„მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ მათი, როგორც სოციალურ-სასურსათო, ასევე მედიკამენტური უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი სახსრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს ჰქონდეს აბსოლუტური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, არავინ დარჩეს ზრუნვის გარეშე. ეს არის მთავარი ამოცანა.
მოქალაქეებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც პირველივე ეტაპზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს. დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი რეგიონში ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად და ბიზნესთან ერთად შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა ამ პროცესში.
ასევე სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე რომელიც გვაქვს, იცით რომ მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფას, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას ვაგრძელებთ. მისასალმებელია რომ ხელვაჩაურში უკვე დავასრულეთ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ძალიან მალე მოქალაქეები გააგრძელებენ იქ ცხოვრებას და იმედი მაქვს, რომ ახალ წელს ისინი ახალ ბინებში შეხვდებიან. ასევე ჩვენთვის როგორც წელს ასევე მომავალი წლისთვის ეკონომიკური აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებელი მიმდინარეობა” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
წყარო: itv.ge