“А почему ты в наш садик ходишь?”- ასეა, ვატყობ, ბოლო ხანს ამ ჩვენი ლიტერატურული პრემია “საბას” საქმეც…- გოგი ლორთქიფანიძე

ძველისძველ და აწ გარდასულ საბჭოთა ხანაში, 70-იანი წლების მოსკოვში მავანისთვის ცნობილი იყო (ჭორებს, მოგეხსენებათ, იოლად ვერ შეაკავებ, ადამიანის ენას კი ძვალი არა აქვს) მაშინდელი “ცისფერი” კონტიგენტის საკრალური საპაემანო ადგილი – დიდი თეატრის წინ მდებარე პატარა სკვერი.

ნუ, სკვერი როგორც სკვერი, ჩვეულებრივი პატარა ბაღი ქალაქის ცენტრში თავის სკამებიანა… ჰოდა, მოსკოვის ცენტრში სიარულით გადაღლილი, შემთხვევით იმ ადგილას თუ აღმოჩნდებოდი და თავისუფალ სკამზე წამოჯდებოდი – დაღლილი ფეხებისთვის შესვენების მიცემის ერთადერთი მიზნით, – არ იყო გამორიცხული, შენს გვერდით უცებ ვიღაც ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი გამოჩენილიყო და შენთან გულთბილი საუბარი წამოეწყო, ეცადა, ასე ვთქვათ, პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება.

მერე კი, როცა მიხვდებოდა, რომ შენ მაგათი წრისა არ იყავი და აქ სრულიად შემთხვევით ხარ მოსული და ისიც რამოდენიმე წუთით, უთუოდ გაგინაწყენდებოდა ეგ იმედგაცრუებული “ბიჭი” და პრეტენზიულადაც შემოგედავებოდა კიდეც: “А почему ты в наш садик ходишь?”.
ასეა, ვატყობ, ბოლო ხანს ამ ჩვენი ლიტერატურული პრემია “საბას” საქმეც. ნუ, ყოველთვის კი არ იყო ასე…
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე