პუტინმა ამერიკულ ე. წ. „სოციალურ ქსელებს“ სერიოზული დარტყმა მიაყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონმდებლობაში ცვლილებას, რომლის ძალითაც რუსეთის ზედამხედველობის სამსახური – როსკომნადზორი უფლებას იღებს, მოახდინოს იმ ინტერნეტ-რესურსების ბლოკირება, რომლებიც რუსეთის მასმედიის მიმართ დისკრიმინაციას ეწევიან.

კანონი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.

ცვლილებები ითვალისწინებს ინტერნეტ-რესურსებისათვის სანქციების დაწესებას, როდესაც ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ძირეული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ახდენენ. რუსეთის გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეეძლებათ, როსკომნადზორს მოსთხოვონ ისეთი თავსმოხვეული „სოცქსელების“ დაბლოკვა ან მათი ფუნქციონირების შენელება, როგორებიცაა Facebook, Twitter და ვიდეოკლიპების გიგანტი YouTube.

სპეციალური ცვლილებები რუსულ კანონმდებლობაში გამოწვეულია ამერიკული „სოცქსელების“ მიერ თავიანთ პლატფორმაზე რუსული მასმედიის დისკრიმინაციით, რუსული რესურსებისათვის ინფორმაციების გავრცელების აკრძალვით, სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზების შექმნით. ასეთი დისკრიმინაციული შეზღუდვების მსხვერპლი „ფეისბუკსა“ და „იუტუბზე“ სააგენტო NewsFront-იც გახლავთ – მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საერთაშორისო სააგენტოს ცენტრალური ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ახლა კი მოგების ზრდის დაუოკებელი სწრაფვით შეპყრობილი ცუკერბერგ-ბრინები დაფიქრდებიან, უღირთ თუ არა რუსეთის სახელმწიფოსთან პრობლემები, უზარმაზარი რუსული ბაზრის დაკარგვა. ერთხელ რომ დაბლოკოს რუსეთმა ეს ე. წ. „სოციალური ქსელები“, უკვე მარტო ამის გამო მათი ხელოვნურად გაბერილი ფასი მსოფლიო ბირჟებზე მნიშვნელოვნად დავარდება.

ამ მხრივ ჩინეთს ძალიან წარმატებული გამოცდილება აქვს, პეკინის პირობები ამერიკულმა კომპანიებმა „თითზე კბენით“, მაგრამ მაინც მიიღეს. ზედმეტი „დემოკრატობანას“ თამაში, როგორც ჩანს, აღარც რუსებს უნდათ, ქვეყნის პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამის კანონს ხელი მოაწერა.