აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია საახალწლო კონცერტს გამართავს

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ახალი წლის ღამეს ბათუმის მერიამ ყველა ღონისხიება გააუქმა და წელს პირველად 31 დეკემბერს კონცერტი არ გაიმართება.

თუმცა არსებულ აკრძალვებს არ ემორჩილება ოპოზიცია და აჭარის მთავრობის სახლთან, ე.წ. “თავისუფლების კვარტალში” დღეს საახალწლო კონცერტს ჩაატარებენ.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა დააანონსეს, კონცერტი, რომელშიც სხვადასხვა ჯგუფი და მომღერალი მონაწილეობს, 12 საათამდე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, იქნება ორიგინალური საახალწლო სუფრა, საბავშვო-გასართობი პროგრამა და ფოიერვერკი.

„კონცერტს ვატარებთ რადგან ახალი წელია. მომავალ წელს გაფართოვდება პროტესტი. ამიტომ, შესაბამისად აღვნიშნავთ და ვხვდებით ახალ წელს. იგეგმება ბავშვებისთვის კონცერტი. დღეს ლეილას დაბადების დღეა, რომელიც ჩვენი პატარა მეგობარია. ამიტომ მისთვისაც იქნება სპეციალური ღონისძიებები. იქნება კონცერტი და სუფრა.​ ეპიდემიოლოგების მოწოდება არის გეთანხებით, რომ მოკრძალებულად შეხვდეთ. ამას აქვს პოლიტიკური ელფერი. უნდა შევხვდეთ მოკრძალებულად, მაგრამ სუფთა ჰაერი არის ის გარემო, სადაც გავრცელების ნაკლები შანსია. პასუხისმეგბლობა ყველას ეკისრება გარდა მთავრობისა, ციფრები რომ იზრდება მაშინ ხალხის ბრალია, როდესაც ციფრები ჩამოდის, მთავრობის დამსახურებაა. ესაა დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა პანდემიის მიმართ. ორი თვეა ვმართავთ ღონისძიებებს, აქ გავრცელების კუთხით პრობლემა არ ყოფილა. სახლის პირობებში ბევრი ხალხის შეკრება გარკვეულ რისკს შეიცავს, იგივეს ვერ ვიტყვი ღია სივრცეზე“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ანთაძემ.

შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიცია უკვე ორი თვეა აქციებს მართავს.

წყარო: itv.ge