ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ზენგ იქსინის განცხდებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
ჩინეთის „ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის რამდენიმე საათის წინ დაამტკიცა. ვაქცინა ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ შვილობილმა კომპანია „ჩინეთის ეროვნულმა ბიოტეკის ჯგუფმა“ შექმნა.
კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ მისი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან 79.34%-ით იცავს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინების საგანგებო შემთხვევებში გამოყენების პროგრამა ივლისში დაიწყო, რომლის მიზანიც მედიკოსებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა იყო.
15 დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთში მინიმუმ სამი ტიპის ვაქცინის 4.5 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს.
ზენგ იქსინის განცხადებით, იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც ვაქცინაცია უკვე გაუკეთდა, ტემპერატურის მცირედით მომატება 0,1% -ზე ნაკლებს აღენიშნათ „შედარებით სერიოზული გვერდითი რეაქციები”, მაგალითად, ალერგია, კი ყოველი ერთი მილიონი აცრილი პირიდან საშუალოდ ორს განუვითარდა.
წყარო: itv.ge