რეგიონში არსებული ყველა ამერიკული ბაზა ირანული რაკეტების მოქმედების საზღვრებშია, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, ჰოსეინ დეჰყანმა განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკელები ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შურისძიების მოლოდინში არიან და სპარსეთის ყურეში ორი „ბი 52“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნეს.
პარალელურად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ თქვა, რომ ირანს რომელიმე სამხედრო ძალასთან დაპირისპირების არ ეშინია.
აშშ-სთან ირანის დაძაბულ მდგომარეობას გამოეხმაურა ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, სეიედ რაეისიც და თქვა, რომ გენერლის მკვლელობისთვის შურისძიება წინააღმდეგობის ძალების ხელშია და შურისძიების ერთ-ერთი გამოვლინება რეგიონიდან აშშ-ის სამხედროების გაძევება იქნება. ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვის შედეგად 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს.