პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 4 იანვრის სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს სესიაზე გავა.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები კი, შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. სწორედ ამის გამო, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა “პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული დეპუტატებით იწყება.
“უფლებამოსილების მოხსნაზე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების განცხადებების განხილვას “პატრიოტთა ალიანსით“ ვიწყებთ, რადგან მათ ცესკოში სია ჩახსნილი არ აქვთ და არის მოსაზრება, რომ შეიძლება პარლამენტში სიის შემდგომი ადამიანები შევიდნენ. რაც შეეხება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ჩვენ რეგლამენტს მივყვებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას მივცეთ საშუალება, რათა იყოს პოლიტიკური მინდორი, რომ ვისაც სურვილი ექნება, პარლამენტში დარჩეს. ვისაც ამის სურვილი არ ექნება, როგორც რეგლამენტი ადგენს, ისე გავყვებით“, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან: – გელა მიქაძე, ნანა დევდარიანი და ფრიდონ ინჯია. “პატრიოტთა სიით“ პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტი სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმით, 54-მა ოპოზიციონერმა გამოხატა.
“ინტერპრესნიუსი”