სააკაშვილის რევოლუციური სცენარი ჩავარდა- მოსახლეობის შეფასებით, დიდი ორიანი მიიღეს
04.01.2021 11:17
2020 წელზე, რომელიც საქართველოსთვის ძალზე დატვირთული წელი იყო, პოეტი დავით მაღრაძე გვესაუბრება…
25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ როსტომ ჩხეიძისა და “ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების” ინიციატივით გაიმართა სამეცნიერო სესია, ონლაინშეხვედრა მის წიგნთან – “ბარაქიან მიწასთან” დაკავშირებით.
– შემოქმედებითად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო: დავწერე ახალი წიგნი, “ბარაქიანი მიწა”, რომელიც გამოსცა გამომცემლობა “ფავორიტმა” და თარგმნილია ინგლისურად, რუსულად, იტალიურად და შვედურად, მოსკოვში გამოსცა გამომცემლობა “კულტურულმა რევოლუციამ”, იტალიაში კი “ჯულიანო ლადოშის” გამომცემლობებმა; სტოკჰოლმში დღის შუქს იხილავს იანვარში. სხვადასხვა ფრაგმენტი ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. ინგლისურმა ვერსიამ ფესტივალის “პოეზია ტბაზე” მთავარი პრიზი, “ვერცხლის დრაკონი” მიიღო. ვმუშაობ ახალ წიგნზეც… სხვა მხრივ, ძალიან მძიმე წელი იყო, უპირველესად, პანდემიის გამო.
ჩვენი სამყარო არც ერთ მოაზროვნე ადამიანს არა აქვს შეცნობილი და როცა ამ ამოუცნობ სამყაროში ასეთი განსაცდელი მოდის, ათასგვარ ფიქრს აღძრავს. ადამიანი ფიქრობს, რატომ მოვიდა ეს და საით არის გზა ხსნისა. არც უნდა იყოს გასაკვირი, ჩვენი ზნეობრივი დაცემულობის გამო სამყაროში უამრავი ცვლილება ხდება, ისეთი, რომელსაც შესაძლოა ზოგჯერ დიდი განსაცდელიც ახლდეს თან. ამას ემატება პოლარიზებული საზოგადოება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. როგორც ქართველს, მე საქართველო მედარდება, სადაც თანაცხოვრების კულტურა დავკარგეთ. დაგვეკარგა დღესასწაულის ნიჭი, სადღაც გაქრა ქართველების თანაგრძნობისა და გულისხმიერების ნიჭიც. არადა, საქართველო ისეთი ქვეყანაა, ჩვენში ცის მიზიდულობის კანონი უფრო ძლიერია, ვიდრე გრავიტაციის, მაგრამ ეს კანონი მხოლოდ სიყვარულის დროს მოქმედებს, სიძულვილში იკარგება. თამასა მოიშალა, ეპოქამ რედაქტორი დაკარგა და ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვა ქართველი საზოგადოების რეგენერაციას. ადამიანი კაცობრიობის გამოცდილების გარეშე დარჩა. ახლა ტრენდული, მოდურია ასეთი გამოთქმა: დღევანდელი ადამიანი მისაბაძი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ცუდისა და კარგის გამოცდილების გარეშე დარჩება და ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებსო. ამგვარად აზროვნება თითქოს მოვალეობად აქციეს.
– რატომ მივედით აქამდე?
– სამყაროში არსებობს აღორძინებისა და დაცემის ხანა, დღეს კი სამყაროს რენესანსის ხანა არ უდგას. ამას ადამიანები განაპირობებენ. საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, აქ ვითარებას უფრო ამძიმებს პროვინციალიზმი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდპანდემია, რომლის პირისპირაც აღმოჩნდა მთელი სამყარო. “კოვიდ-19”-ზე მეტ ყურადღებას პარლამენტს აქცევენ. ტელევიზიები პარალელურ საქართველოს გვაჩვენებენ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მორიგი რაუნდია. ეს თურმე არა მარტო პანდემიაზე, კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე, სამყაროს საიდუმლოების შეცნობაზე მნიშვნელოვანია.
ერთი სიტყვით, ამ უზარმაზარ, ჯერჯერობით დაუმარცხებელ საფრთხეს ერთვის ლოკალური პრობლემები. ამ და სხვა მიზეზების გამო დამძიმდა ყოფა, ადამიანური ურთიერთობები გართულდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება კი უსაშველოდ გაიწელა… ცალკე აღსანიშნავია ოპოზიციის არაფორმალური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ამბავი, რომელიც აცხადებდა, რომ მზად არის “ლომის ნახტომისა და თავგანწირვისთვის”, ოღონდ ლომის მოსალოდნელი ნახტომი იმით დასრულდა, რომ ბოლოს ტელეჩართვაში ორ ქალს ეჩხუბებოდა, თუ კარგია, თავად მიბრძანდით თბილისშიო. მისმა მიმდევრებმა ვერ გაიგეს და ავუხსნი: ის მზად არის თავგანწირვისთვის, ოღონდ საკუთარი კი არა, თავისი მხარდამჭერების, მეტიც, მათი თავდადებისა და მსხვერპლად შეწირვისთვის, მაგრამ როგორც “ძველ ვოდევილებში” ვასო გოძიაშვილი სვამდა შეკითხვას, ისე: “მერე მე არაფერი არ მამივა?!.”
თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ადრეც მივმართე მკითხველს, ექსპრეზიდენტს ისღა დარჩენია, აღმართოს პლაკატი, “ძირს ბუში”-მეთქი და “ნაციონალების” რიტორიკა სწორედ ასე წარიმართა – ვგულისხმობ, დასავლეთზე აღშფოთებას და ელჩებზე თავდასხმას. რაც შეეხება ამ პოლიტიკური გუნდის მოქმედებებს, რევოლუციური სცენარი ჩავარდა და შეფასების ხუთბალიან სისტემაში საქართველოს მოსახლეობის შეფასებით დიდი ორიანი მიიღეს. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის განვითარების ევოლუციურ გზას.
არაერთხელ მითქვამს, ხელისუფლებამ სამართლიანობა დაასამარა, რაც გააპროტესტა საზოგადოებამ, მაგრამ თან აღნიშნა, რომ რევოლუციით ცვლილებები არ სურს და მით უფრო, იმ პირთა ხელით, რომელიც ძველი ხელისუფლების გადმონაშთია. მათ თავიანთი გასაკეთებელი ერთხელ უკვე გააკეთეს და სავალალოდ დაამახსოვრეს თავი ქვეყანას. ისინი ვერ გამოდიან თავიანთი ძველი წარმოდგენებიდან და მოჯადოებული ფიქრებიდან. აღარ გვინდა ეს, გავიარეთ.
– “ადამიანური შეცდომა” უწოდეს საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) შეცდომებს, რის გამოც მისი დირექტორი გადადგა. მისი მტკიცებით, ხარვეზს არ შეეძლო პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა. შეცდომა გამოსწორდა და “სამართლიანი არჩევნების” პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა. საზოგადოებას დაებადა კითხვა: ეს ნამდვილად შეცდომა იყო თუ მანიპულაცია?
– ძნელი სათქმელია, გააზრებული იყო თუ მართლაც შეცდომა მოუვიდათ. იმედია, ამას სპეციალისტები გაარკვევენ, მაგრამ ადრეც ვთქვი, აქცენტი ხელოვნურად იყო გამძაფრებული იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. ასეა თუ ისე, ამ საქმეს პასუხისმგებელი უნდა ჰყავდეს. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არის პარალელური დათვლა და თუ ადრე ითვლიდა მათი ფორმულა სწორად, ახლა რაღა დაემართა. მაინც არ მინდა საქმის სიღრმეებში შესვლა, მაგრამ ერთი ზედაპირზე ძევს – საქართველოს ისტორია ჩვენ თვალწინ ყალბდება.
ალბათ, ყველას გვახსოვს, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების გამო და უეცრად ისე შეიცვალა რეალობა, რომ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გადადგა. ალბათ, გახსოვთ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკა. ეს არის პათეტიკური საქართველოს წარსულის გამოძახილი, აწმყო და მომავალი. სწორედ ასეთი ფაქტებია სიყალბის სათავე, რასაც ყოველდღე ვუყურებთ, რომელიც ჩვენ წინ ხდება, ზეიმობს. საბედნიეროდ, ხანდახან მაინც აეხდება ფარდა, რომ მცირე იმედს მოვეჭიდოთ. თუმცა ეს საკმარისი არ არის, შემდგომაც სჭირდება საზოგადოების მუდმივი კონტროლი, ფხიზლად ყოფნა.
თავადაც დამიფუძნებია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, “ძველი თბილისის დამცველები”. ყველას ჯვარი სწერია, მაგრამ მათი მრწამსი სრულიად განსხვავებულია. სიმბოლურ შედარებას მოვიყვან, ბავშვი რომ წყალს მიჰქონდეს, ჩვეულებრივი ადამიანი, სულაც პოეტი, მაშინვე გადახტება მდინარეში რომ უშველოს, არასამთავრობოების დიდი ნაწილი კი მდინარის უფლებებზე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ თურმე მას ცუდად ვეპყრობი. ბავშვი სიმბოლურად იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ მასში ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ღირებული, ძვირფასი და მნიშვნელოვანი დავინახოთ. ეს არის განსხვავება თუნდაც პოეზიასა და იმ ტენდენციებს შორის, რაც ენჯეოების დამსახურებით დღეს საქართველოსა და საზოგადოდ, მთელ მსოფლიოში ბატონობს.
ცხადია, საფუძვლიანი ეჭვი იბადება ამ ორგანიზაციაზე თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა და თუ რამე “ადამიანური შეცდომა” იპოვეს, უნდა ეცნობებინათ საზოგადოებისთვის. კიდევ იმიტომაც, რომ შედეგების გაყალბებისა და რევოლუციური სცენარის შესახებ მუდმივად იყო ლაპარაკი, ოპოზიციურ ძალებს ეს ხომ გაცხადებულიც ჰქონდათ.
მთელ ოპოზიციაზე არ ვამბობ, მაგრამ რადიკალური ნაწილი, მათი ბელადი და მისი რუპორები საჯაროდ ამბობდნენ, რომ რეალურ შედეგებსა და ცესკოს დათვლილ ხმებს შორის ცდომილება იმდენად დიდი იყო, რევოლუციის აუცილებლობა გარდაუვალი ხდებოდა. როგორც თავად ამბობდნენ, გონივრული ეჭვი ჰქონდათ, რომ რევოლუციას არჩევანწართმეული ხალხი მოახდენდა. არგუმენტად ეს შედეგები მოჰქონდათ. თუმცა მაინც არ მინდა კატეგორიულად თქმა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ ამ ორგანიზაციასთან, მაგრამ ფაქტია, მის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიადგა.
როგორც ვთქვი, როცა რაღაც ძალზე ძვირფასი და ღირებული წყალს მიაქვს, ისინი ამის გადარჩენაზე არასდროს არიან ორიენტირებული, სხვა, რაღაც მათთვის საინტერესო და მომგებიან პრინციპებზე იწყებენ საუბარს. თუ რა მოჰყვება ამას, როგორ განვითარდება პროცესები, მე ვეღარ ვისაუბრებ თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებასაც უნდა დავუტოვოთ რაღაც გასაკეთებელი, საფიქრალი. ჩვენ მის ნაცვლად ვერ ვიფიქრებთ და ვერც ვიმოქმედებთ. საერთოდ, ყველაფერს თავისი სახელი არასდროს ერქმევა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სულ ცდილობს, მეორე ნაწილი კი ლამობს სულ სხვა, სათავისოდ სასარგებლო ნაწილი დაარქვას და არა ის, რასაც მოვლენა იმსახურებს და ეკუთვნის. ჩვენ გარშემო გამეფებულ სიყალბეში ამასაც ვგულისხმობ – როცა ნათლია ყალბია, სახელიც ყალბი დაერქმევა…
– არის მოსაზრება, რომ პანდემიამ შეცვალა და ბევრ რამეზე დააფიქრა კაცობრიობა. გჯერათ ამის?
– როგორც წესი, როცა განსაცდელი მოდის, ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ჩვენმა პოლარიზებულმა საზოგადოებამ ვირუსი პრობლემად ვერ აღიქვა. ნორმალურ ქვეყანაში საერთო ჭირის დროს ნაციონალური თანხმობა დგება, მაგრამ ვიღაცების ძალისხმევით ჩვენ ისე ვართ პოლარიზებული, ვერც ეს მოვახერხეთ და ამას ხელს ტელევიზიებიც უწყობენ. ბოლო დროს უფრო გამოიკვეთა, რომ კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა თავისუფალია – იმ ოპოზიციის, რომელიც ხელისუფლებას განადგურებით კი არ ემუქრება, ოპონირებს მასთან, ფიქრობს, რომ თავად უკეთესად გაუძღვება ქვეყანას და ამიტომ იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის. თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, ხელისუფლება ადვილად დათმობს ხელისუფლებას.
ჩვენდა სავალალოდ პოლიტიკური კულტურა არა გვაქვს. დღევანდელ პოლიტიკურ ტოკშოუებში პირველყოფილი ინსტინქტების მოჭარბება იგრძნობა, სიყალბეა ყველაფერში. მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ, მათ მოსახლეობა მოსახლეობის წინააღმდეგ წააქეზეს, რადგან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა. მოსახლეობას ხან პროგრესის, ხანაც ლიბერალიზმის სახელით აქეზებენ, ხანაც პატრიოტიზმით აპელირებენ, მაგრამ მიზანი ერთია, მეორის რევანში პირველზე. ამ შემთხვევაში დღევანდელი ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებას კი არა, უფრო ღრმა რამეს ვგულისხმობ.
მოსახლეობის პროვოცირება მხოლოდ სახელებს იცვლის, თორემ დიდი ხნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ადრე “მავნებლები” ერქვათ, შემდეგ “წითელი ინტელიგენცია” ან სულაც “ჩასარეცხები”. არ ვამბობ, რომ ისინი უმანკოებით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ამ ხარისხით აგრესიის დათესვა მხოლოდ მეორეების რევანშს შეუძლია.
არჩევნების კლასიკა ერთ რამეზე მიანიშნებს – მოსახლეობის უმრავლესობას მოჰყავს ხელისუფლება, ხოლო უმცირესობას ოპოზიცია. თუმცა ჩვენს რეალობაში ცდილობენ კლასიკაც თავდაყირა დააყენონ, მაგრამ რაც უნდა ეცადონ, ვერ დადგება, რადგან თავისი წესით განაგრძობს არსებობას.
ჩვენს ქვეყანაში მუდამ არჩევნების გაყალბებაზეა ლაპარაკი მაშინ, როცა ისტორიას და საზოგადოდ, რეალობას ვაყალბებთ. აწმყო გაყალბებულია და მომავალსაც იმავეს ვუპირებთ; ვიღაცას ერის მამად ვაცხადებთ, ზოგს მწერლად, მხატვრად, პატრიოტად, ლიბერალად ან პროგრესულად. ვიღაცამ დროს გაასწრო და ეს მხოლოდ იმიტომ უხარია, მას გადახედოს ზევიდან, ვისაც დრომ გაასწრო, თავისი სიმაღლით თვითკმაყოფილება განიცადოს და მასთან ურთიერთობა ითაკილოს.
– პროგრესის ნიშნები ჩანს?
– ეს თავად უნდა გამოვკვეთოთ, თორემ თავისით არ მოვა. ცის მიზიდულობის კანონი ჯობნის გრავიტაციის კანონს, მჯერა და მწამს, რომ ეს თაობიდან თაობას გადაეცემა და ქართული სული არ დაიკარგება. საზოგადოების გონებასა და სულიერებას ამღვრევენ, არადა, ქართველში მთავარი ინსტინქტების გაღვიძება არ არის რთული და შეუძლებელი, რომ დღესასწაულის განცდა არ დაიკარგოს.
შობა ახლოვდება, რატომ არ შეიძლება რეზო გაბრიაძის “კოჯრის ტყის სიზმრები”, გიორგი შენგელაიას “ალავერდობა” გაუშვან? ხომ არსებობს გიორგი ლეონიძის “ყივჩაღის პაემნის” ჩანაწერი, სადაც ლექსს ავტორი კითხულობს. მე ცოტა ჩამოვთვალე, სინამდვილეში ზღვა ქართული ემოცია გვაქვს დაკარგული თუ არა, ამ მუდმივი ინტრიგის ფონზე მივიწყებული მაინც. ჩვენი გენეტიკა ძლიერია. როგორც ღვთაებრივი იაკობ გოგებაშვილის “იავნანამ რა ჰქმნაშია”, ქეთო დედის სიმღერით მშობლიურ სივრცეში ბრუნდება. ჩვენც ასეთი გამოფხიზლება გვჭირდება… აგრესიას და პირველყოფილი ინსტინქტების დიქტატს სულიერება არ მოაქვს, ჩვენს ქართულ განძზე, რომელიც ფილმებში, ლექსებსა და თეატრის სცენაზე, ქართულ პოლიფონიაშია გაბნეული, არავინ ახსენებს ან ძალიან ცოტას ახსოვს.
ჩვენი სულიერება, რომელიც გამოიხატება ლექსში, პროზაში, მუსიკაში, კინოხელოვნებასა და ლიტერატურაში, ევროპის საუკეთესო მიღწევების იდენტურია, თუნდაც ეს ორი სტრიქონი “ვეფხისა და მოყმის” ბალადიდან, “იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა”, მაგრამ ეს ღირებულებები, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქართული სულიერება ქმნის, ვერაფრით ითარგმნა თანამედროვე ქართულ პოლიტიკის, ყოფითი კულტურისა და სამოქალაქო შეგნების ენაზე.
თუ რამე გვაახლოებს ევროპასთან, ეს არის ქართული სულიერება, და თუ რამე გვაშორებს, ეს არის დღევანდელი ქართული ყოფითი უკულტურობა.
თუკი წლის ამბებს შევაჯამებთ, აღსანიშნავია დავითგარეჯას თავზარდამცემი და ბურუსით მოცული საქმე.
ეს არ არის ერთი რიგითი ქეისი, როგორც დღეს ამბობენ, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამბავი. ყველაფერი უნდა გაცხადდეს, თორემ გამოვა, რომ ვერც ხელისუფლებამ გაიაზრა მისი მნიშვნელობა და მხოლოდ წინასაარჩევნო მომგებიან თემად გამოიყენა.