შეერთებული შტატების კონგრესის სენატმა ხუთშაბათს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში, 1915 წელს, სომხების გენოციდს აღიარებს. სხდომის ტრანსლაცია ტელევიზიით, არხ C-Span-ზე გადაიცემოდა.
“ჩვენ ახლახან მივიღეთ სომხების გენოციდის რეზოლუცია და ეს ღირსეული და სწორი ნაბიჯია, სენატი ისტორიის სწორ მხარეს დადგა” – აგანცხადა დემოკრატმა სენატორმა (ნიუ-ჯერსის შტატიდან) რობერტ მენენდესმა, რომელიც რეზოლუციის ინიციატორია.
ეს რეზოლუციის დამტკიცების მეორე, ამჟამად – წარმატებული მცდელობა იყო. თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ფაჰთერინ ალთუნმა განაცხადა, რომ ამერიკის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრთხეს უქმნის ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობებს.
ოქტომბერში თავად თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა აღშფოთება კონგრესის ქვედა პალატის მიერ ანტითურქული რეზოლუციის მიღების გამო, რომლის ძალითაც ამერიკელმა პარლამენტარებმა სომხების გენოციდი აღიარეს ოსმალეთის იმპერიაში.
კონგრესმენებისა და სენატორების მიერ მიღებულ ასეთი ტიპის რეზოლუციებს სიმბოლური ხასიათი აქვს, იგი არ არის აუცილებლად გასათვალისწინებელი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, თუმცა ეს ვითარება აშშ-თურქეთის ურთიერთობებს დაღს დაასვამს, ეს ეჭვს გარეშეა.