აეროპორტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეში გიგი უგულავას ბრალდებულის და გოკა გაბაშვილს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
უგულავამ გირაოს სახით 2 000 ლარი უნდა გადაიხადოს და საგამოძიებო უწყებას პასპორტი ჩააბაროს. ინციდენტში მონაწილე ყოფილი სპორტსმენებიდან დაზარალებულად არის ცნობილი ბადრი გავაშელიშვილი, ხოლო ბრალდებულად – დავით პარკაძე.
ინციდენტი ორი დღის წინ თბილისის საერთშორისო აეროპორტში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ინფორმაციით, მათ თავს ორი მამაკაცი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უგულავა და გაბაშვილი თავდასხმას საკუთარ საქმიან ვიზიტს უკავშირებენ. გიგი უგულავას ადვოკატის თქმით, ეს საქმე არის იმის დადასტურება, თუ როგორ შეიძლება ადამიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე უსამართლოს იქნეს დასჯილი.
“სასამართლომ დაურღვია გიგი უგულავას სამართლიანი სასამართლოს უფლება, მას უარი არ უთქვამს სასამართლოში გამოცხადებაზე, სასამართლოში მოსვლა ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემის გამო ვერ მოახერხა. რაც შეეხება გირაოს და პასპორტის ჩამორთმევას, ეს რომ უსამართლოა, ამაზე ბევრი საუბრის გაგრძელება არ ღირს. ეს საქმე არის დადასტურება, როგორ შეიძლება დაგესხნენ თავს შენი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე და ამ თავდასხმის გამო ისევ შენ მიგცენ პასუხისგებაში,” – აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი სულხან კომახიძე
პროკურორის თქმით, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო ის მტკიცებულებები და საფრთხეები, რომლის გამოც აუცილებელი იყო უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, თუმცა სასამართლომ ეს ნაწილობრივ დააკმაყოფილა.