ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 1997 წელს დაბადებული ე.ხ. ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ბრალდებული ე.ხ.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.