“პარლამენტში შესვლასთან ერთად, მე ვტოვებ “პატრიოტთა ალიანსს”- ამის შესახებ ჟურნალისტებს სადეპუტატო მანდატის ცნობის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ განუცხადა.
“ეს ჩემთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა, რადგანაც წლების განმავლობაში, ბევრი რამ მაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ასეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, დავით თარხან-მოურავს, გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ ამ პარლამენტში ამ სტატუსით,” – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
დღეს პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” სამი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.
“რუსთავი2”