პუბლიცისტმა დავით ჩხარტიშვილმა აჭარის ტელევიზია “ტვ 12”-ის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „მედიატორის“ წამყვან ჯემალ მეგრელიძეს პასუხი გასცა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სოროსის ფონდის ყოვლისმომცველი გავლენის მოსპობა საქართველოში ივანიშვილის გარეშე. სოროსის ფონდის უზარმაზარ გავლენაზე ჩვენ უკვე ვიუწყებოდით (იხ. აქ და აქ).
კითხვა: პირდაპირ გკითხავთ, შევძლებთ კი თავიდან მოვიშოროთ სოროსის ყოვლისმომცველი გავლენა ივანიშვილის გარეშე?
პასუხი: ამ ეტაპზე ალბათ ვერ შევძლებთ. მომავალში – კი, მაგრამ კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ამ მომავალს, როდესაც მეტასტაზები ღრმავდება. ის ერთადერთი კაცი კი, ვისაც ამის შეჩერება შეუძლია, დუმს. კითხვაზე თუ რატომ – სამაგალითო მეოჯახე და მეცენატი, ცნობილი თავისი ჰუმანისტური და ტრადიციონალისტური მიდგომებით, მეტიც, ინსაიდერული ინფორმაციების კონსერვატორთა მხარდამჭერი ულტრალიბერალთა წინააღმდეგ, მთელი სიცხადით არ ამჟღავნებს, თუ ვისთანაა ის საბოლოო ჯამში, არის მხოლოდ ერთი პასუხი: რადგანაც მასმედიის 90 % ნეოლიბერალების ხელშია, ხოლო ტრამპის ფენომენი კი ივანიშვილის თვალსაზრისით არამყარია და 20-ის არჩევნები შტატებში შეიძლება ტრამპის დამარცხებით დასრულდეს, შესაბამისად მემარცხენე ლიბერალიზმის რეინკარნაციით, ის თავს იკავებს. სხვა ახსნა მე არ გამაჩნია – რაც არასწორი გათვლაა! მთელი იმ პატივისცემის მიუხედავად, რომელიც მაქვს მის მიმართ, თუნდაც სააკაკაშვილის მოშორების გამო, მე როგორც საქართველოს მოქალაქემ, უნდა ვთქვა და ერთად ვუთხრათ კიდეც „აჭარის“ მეშვეობით, რომ სწორედ საქართველოდან რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოჩნდა ნეოლიბერალური სწავლებისგან, უნდა დაიწყოს ცვლილებები დროულად!
ამისთვის სულ ცოტაღაა საჭირო, საგარეო მოღვაწეობის საშინაოსთან და საკუთარ პრიორიტეტებთან სინქრონიზირება უნდა მოახდინოს ბატონმა ბიძინამ და მისმა უახლოესმა წრემ. ეპოქალური ცვლილებების იმპულსი დაიჭიროს და იმოქმედოს თავისი შეხედულებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად. კერძოდ, მხარი დაუჭიროს ტრადიციულ ოჯახურ და გენდერულ ფასეულობებს, შექმნას სოროსის მედიისა და არასამთავრობო სექტორის ალტერნატიული საშუალებები. აუცილებლად, NDI და IRI საპირწონე სოციოლოგიური სამსახურები უნდა შეიქმნას და ამით მოუსპოს მათ საშუალება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებისა. შეცვალოს ქვეყნის დოქტრინა და „მიშისტების“ რიდის გარეშე ელაპარაკოს რუსეთს „ბეზ დურაკოვ“, გამოუცხადოს რა პრინციპული ბრძოლა კორუფციას, პარალელურად გაწმინდოს საკუთარი პარტია ფარული „მიშისტებისგან“ და ძველი კორუფციონერებისგან. ააშენოს ფაბრიკები კონცერტების გამართვის ნაცვლად, ააღორძინოს კულტურა “პოპსავიკების” მოზვავების ნაცვლად უწყებებში, მიხედოს სოფლის მეურნეობას კაზინოების მშენებლობის მაგიერ, ძალოვანთა სულისკვეთება აამაღლოს და, რა თქმა უნდა, გადააფასოს საქართველოს უახლესი ისტორია, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც დამნაშავეა ძმათამკვლელი ომების გაჩაღებაში და ა. შ. მოკლედ, იყოს მაქსიმალურად გულახდილი და თავდადებული ერისათვის ამ საბედისწერო ისტორიის მონაკვეთზე და ამისათვის ახალი სახეებიც და მოკავშირეებია საჭირო – ძველის ანტიპოდები!