ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი და ოპერატორი თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

„ტვ პირველის“ დირექტორის ინგა გრიგოლია ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ღონისძიების დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს.  ინგა გრიგოლია, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი ამ წუთებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ჟურნალისტი კითხვას უსვამდა „ქართული ოცნების“ ღონისძიებიდან წამოსულ ქალბატონებს, როდესაც მათ გაურკვეველი პირები თავს დაესხნენ.

„გაურკვეველი, ნაძირალა ტიპები თავს დაესხნენ ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს. „ნაციონალები“ ეძახეს და ფიზიკურადაც შეეხნენ ჩვენს ოპერატორს. ზოგადად, ბოლო დღეებში ისეთი აგრესიაა „ტვ პირველის“ ჟურნალისტების მიმართ, ხან ტენდენციურობაში გვადანაშაულებენ და ხან სუბიექტურობაში. ეს ეტყობა წვრილფეხობამაც (რედ.❗️) გადაიღო თავიანთი უფროსებისგან. სამწუხარო კი ის არის, რომ ლიდერები, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ან სხვა ჟურნალისტების მიმართ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამას შეიძლება ასეთი შედეგი მოჰყვეს“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.