რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარავში შესაწირი გროვდება

თბილისში ალილოსთვის მზადება იწყება. რესპუბლიკის მოედანზე კარავი გაიშალა, სადაც შემოწირულობა შეგროვდება. იუწყება პირველი არხი.

სასულიერო პირები და მახარობლები შეგროვებულ შემოწირულობას ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაარიგებენ.

საზეიმო მსვლელობა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე განსხვავებულად, დაწესებული რეგულაციების დაცვით ტარდება. ტრადიციული საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.

ალილო განსხვავებულად ტარდება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაშიც, სადაც სასულიერო პირები, სტიქაროსნებისა და მგალობლების 10-კაციანი ჯგუფებით, მრევლის გარეშე აწყობენ მსვლელობას. ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდებიან და შესაწირს არ მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, განწყობა ისევ ამაღლებულია. მრევლს მივულოცავთ ქრისტეშობას. ისინი არ მონაწილეობენ ალილოს მსვლელობაში, მაგრამ ამ დიდ დღესასწაულში, რა თქმა უნდა, ჩართულები იქნებიან”, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეს შობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

7 იანვრის ღამეს ღვთის მსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მთავარი წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

„ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედებაა – თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.

“სპუტნიკი”