„ევროპული საქართველო“ ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს – გია ვოლსკი

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას.

ვოლსკი  ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათი მხრიდან ეს სწორი სახელმწიფოებრივი ნაბიჯი იყო.

„ახლადშექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, „ევროპულის“ მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ, რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე, ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.

იმედი მაქვს, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. საბოტაჟის რეჟიმი უპირისპირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო ამოცანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით,  საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. მისი თქმით, ამ მოცემულობას „პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატები ვერ შეცვლიან.