რუსული გავლენების გამავრცელებლები არიან, არანაირი პოლტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ- დეკანოიძე, “პატრიოტთა ალიანსის” პარლამენტში შესულ წევრებზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატების მიერ ახალი პარტიის “სოციალური ევროპელების” შექმნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოში რუსული გავლენების გამავრცელებლები არიან. დეკანოიძის თქმით, მათ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ:

​”კარიკატურულია ის, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორების თვალში ისე ამართლებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რომ თითქოს ოპოზიციიდან იქ რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოში რუსული გავლენების გამავრცელებლები და მათ არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნიათ ქვეყანაში,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა პარტნიორებს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტი უკვე ერთპარტიული აღარაა და მასში ოპოზიციის ნაწილია შესული.