… აი, ასე იყო, იმ ტრაქტორისტის, სამი ჭიქისა და გაიშნიკის საქმე…

დილის პოზიტივი…
სამი ჭიქა არაყი და მერე ტრაქტორზე მუშაობა ახსენა წეღან ერთმა მეგობარმა კომენტარში, (თუ წაიკითხა მიხვდება ალბათ…?) და იმან გამახსენა ერთი სახალისო ამბავი…


….მცხეთაში, რაიონის მოწინავე საბჭოთა მეურნეობის დირექტორი იყო ერთი გაუთხოვარი ქალბატონი….აი, ცხონებული მედიკო მეზვრიშვილივი რომ იყო, ეგეთი მამალი ქალი… რიხიანი, მიმწოლი და საქმის მცოდნე….თანაც მკაცრი და იმისთანა მკაცრი, რომ იმისი დასტურის გარეშე, დაქორწინება კი არა, სიკვდილითაც ვერავინ მოკვდებოდა მეურნეობაში, ამდენი საქმეა და რა დროს სიკვდილიაო!!!…
ხომ ასეთი იყო, მაგრამ ისეთი პოეტური სახელი ერქვა, მოდების სახლის დირექტორს შეშურდებოდა….
….რაც მთავარია, სოცშეჯიბრის გარდამავალი წითელი დროშა უცვლელად თავის კაბინეტში ჰქონდა აყუდებული და რაიონის პარტიული ხელმძღვანელობაც, როგორც შეეძლო ეფერებოდა და ათამამებდა ქალბატონ დირექტორს,….
ისიც ჭკვიანურად იყენებდა შექმნილ გარემოებას და საჭიროების შემთხვევაში მარჯვედ სარგებლობდა ამ პრივილეგიით….
….ხოდა იმისი მეურნეობის ტრაქტორისტს დილის პურის ჭამაზე სამი მართალიც მიუცია ფერდში და მიდის თავისთვის სახნავად…
გაუჩერებია ინსპექტორს, ნასვამი ხარო,…(აბა იმას ჭკუა ჰქონდა?!…)
ტრაქტორისტი ეუბნება, შე კაი კაცო, მთელი დღე უნდა ვხნა და თანაც მერსედესზე ხო არა ვზივარ,… ხნულში ხტუნაობით ჯიგარი უნდა ჩავიქციო და ყურებს გუგუნი მიყრუებდეს, უარყოდ აბა რა მამუშავებსო?!..
მე არ ვიციო და მაინც წაურთმევია პრავა,….
ამასაც მიუგდია ბელარუსი კანტორის წინ და მიდის სახლში…
თავმჯდმარემ, სად მიდიხარ, შე სახლკარამოსაბუგო, მე მოვხნავ შენს მაგივრადო?…
– ეგრე მოგიწევთ პატივცემულო, პრავა წამართვა ინსპექტორმაო, უთქვამს ტრაქტორისტს…
– რაიო, პრავა წაგართვაო?!!!..
სადა გდია ის ჩემი უსაქმური შოფერი, ჩქარა მოეთრეს აქაო,….ჩაჯდა თავის უაზში, მომყევი შენც უკანაო, დაუძახა ტრაქტორისტს და ჩაიტანეს გრიალი მცხეთაში…
გააჩერებინა ეს უაზი და ტრაქტორი რაიკომის წინ (როგორია რაიკომის მდივნის შავი ვოლგის გვერდით ტალახიანი ბელარუსი), შეუღო წიხლით კაბინეტის კარი (ეგრე აღებდა ხოლმე) და დამიძახე ახლავე გაის უფროსსაო, დაჰკივლა პირდაღებულ რაიკომის მდივანს…. …დაურეკა შეშინებულმა მდივანმაც მაშინდელ გაის უფროსს, სასწრაფოდ ჩამოდი რაიკომში, რაღაცა ჩეპეაო…
ჩამოასკდა გაის უფროსიც…
შევიდა კაბინეტში და ამ ჩვენმა ქალბატონმა დირექტორმაც – აჰა, დაიჭიო, გადაუგდო ტრაქტორის გასაღები,….აგე, ტრაქტორი დაბლა დგას, დაჯექი და შენ მოხანი ახლა რაც მოსახნავი დამრჩა მიწები, თორემ, მერე თუ ვინმემ მისაყვედურა თათბირზე, რატო დროზე ვერ მოხანი, აგიფეთქებ იცოდე იმ გაის შენობას, შენი გაიშნიკებიანადო….გამოიხურა კარები, ჩაისვა ტრაქტორისტი მანქანაში, დატოვეს ტრაქტორი რაიკომის წინ და გასწიეს მეურნეობაში….
ნახევარ საათში აუყვანა იმ შარიანმა ინსპექტორმა ტრაქტორი და პრავაც მიართვა ქალბატონს კანტორაში…
….მისდგა გაცეცხლებული დირექტორი და ახლა იმ გაიშნიკსა ჯორავდა მთელი საათი,… როგორ ართმევთ ტრაქტორისტებს პრავას, ამათ თუ არ მოხნეს, რა დედითქვენისა უნდა ჭამოთ მერე თქვენა და იმ თქვენმა ცოლშვილმაო?!!!….
დაუძახა მერე ტრაქტორისტს, (იმას სამი არაყი კიდევ დაემატებინა, მორალური კომპენსაციის სახით) გადაუგდო კანტორის აივნიდან გასაღები და აჰა, გასცი და თუ გაჩერებული დავინახე ტრაქტორი, იმ ხნულში დაგმარხავ იცოდე, მთელი რაიონი გადავიკიდე შენი გულისთვინაო…
….აი ასე იყო იმ ტრაქტორისტის, სამი ჭიქისა და გაიშნიკის საქმე….

სოციალური ქსელი ფეისბუქი –  ქართლოს მარჯანიძე