მოლების გახსნის შემდეგ, შესაძლოა, თანამშრომლების რეგულარული ტესტირება სავალდებულო იყოს

მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხიც განიხილებოდა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ და განიხილავდნენ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვის.

„შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, – თქვა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ.

11 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ არსებული ე.წ. “წერტილოვანი შეზღუდვები” პირველ თებერვლამდე გაახანგრძლივა.